მოსკოვში გარდაიცვალა რუსეთის უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე

მოსკოვში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ლებედევი. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა „კომერსანტი“ სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
გამოცემა ირწმუნება, რომ ლებედევი საავადმყოფოში გარდაიცვალა. „კომერსანტის“ ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადებაა.
რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას დროებით სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პიოტრ სერკოვი შეასრულებს.
ვიაჩესლავ ლებედევი მოსამართლედ მუშაობდა 1970 წლიდან. 1977 წელს ის დაინიშნა მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის სახალხო სასამართლოს ხელმძღვანელად. 1986-1989 წლებში იყო მოსკოვის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. 1989 წლის ივლისში ხელმძღვანელობდა რსფსრ უზენაეს სასამართლოს, 1991 წლიდან კი რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
ვიაჩესლავ ლებედევის თავმჯდომარეობის დროს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ექსტრემისტულად ცნო და აკრძალა არარსებული ორგანიზაცია – „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა”, ასევე სამართლებრივად გააფორმა ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის „საერთაშორისო მემორიალის“ ლიკვიდაცია.