მოსკოვში ააფეთქეს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი

მოსკოვის ერთ-ერთო საცხოვრებელ კომპლექსში მოხდა აფეთქება, რომლის სავარაუდო სამიზნე იყო დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი არმენ სარქისიანი.
თავდაპირველად რუსული მედიით და ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობა, რომ სადარბაზოში მომხდარი აფეთქების შედეგად სარქისიანი მკვდარია, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე სახელმწიფო სააგენტომ, მათ შორის „ტასმა“ სამართალდამცავებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ მძიმედ დაჭრილი სარქისიანი საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია, მისი დაცვის თანამშრომელი კი დაიღუპა.
არმენ სარქისიანს, იგივე არმენ გორლოვსკის ადანაშაულებს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასა და აგრესორი სახელმწიფოს, ს ხელშეწყობაში.
სარქისიანი მიჩნეულია უკრაინის დონეცკის რეგიონში ე.წ. სომხური ბატალიონის შემქმნელად. ეს დაჯგუფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ მყოფ კერძო სამხედრო კომპანია „რედუტს“ ექვემდებარება და 2022 წლის თებერვალში მონაწილეობდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეჭრაში.
არმენ სარქისიანი უკრაინის მიერ ჯერ კიდევ 2014 წლიდან იძებნება კიევში მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით. უკრაინული მედია არმენ სარქისიანს მოიხსენიებს ყოფილი პრეზიდენტის, რუსეთში გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო ნაცნობად და ევრომაიდნის მონაწილეებზე ე.წ. ტიტუშკების თავდასხმების ერთ-ერთ ორგანიზატორად.
რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები გამომძიებლებზე დაყრდნობით წერენ, რომ სარქისიანზე თავდასხმა დაკვეთილი და დეტალურად დაგეგმილი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, ეს შთამბეჭდავია – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას

ვოლოდიმირ ზელენსკი – საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძლიერი, მე-18 პაკეტი, მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობი, ჩრდილოვანი ფლოტი, ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები