მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგს შორის ავიამიმოსვლა პარალიზებულია – რუსული მედია

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგს შორის ავიამიმოსვლა პარალიზებულია. ამის შესახებ ს სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასი“ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, 52 რეისიდან, რომელიც დღეს შუადღეს უნდა შესრულებულიყო, 30 გაუქმდა და ცხრა შეფერხებულია.
მანამდე რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათში მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტიდან 241 რეისის შესრულება შეფერხდა, გაუქმდა 158 რეისი. პულკოვოში შეფერხდა 36 და გაუქმდა 87 ფრენა. ამას გარდა, ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში გაუქმდა 12 რეისი. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ ამჟამად აეროპორტები თანდათანობით უბრუნდებიან გეგმურ მუშაობას.
ცნობისთვის, რუსეთში ქვეყნის მასშტაბით აეროპორტების მუშაობაში შეფერხებები იმ ფონზე დაფიქსირდა, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინული დრონების მასირებული იერიშის შესახებ აცხადებს. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთის საჰაერო სივრცეში 298 უპილოტო საფრენი აპარატი და ექვსი მართვადი საავიაციო ბომბი გაანადგურეს.