მოსკოვი “ოცნების” სადავო ხელისუფლებას “ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზადყოფნას” უდასტურებს და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს.
“მზად ვართ, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც თბილისი იქნება მზად” – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხელ გალუზინმა და ამ კონტექსტში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა კიდევ ერთხელ გააჟღერა:
“დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვეტია – ეს გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის წინააღმდეგ ომი გააჩაღა. ჩვენ კვლავინდებურად მზად ვართ, ვიაროთ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების გზით და წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც თბილისი იქნება მზად, წავიდეს. ჩვენ ყოველთვის ვიყავით რუსეთ-საქართველოს ურთერთობების პრაგმატული განვითარების მომხრენი, ურთერთსარგებლიანობისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე” – განაცხადა გალუზინმა.
რაც შეეხება სადავი ლეგიტიმაციის მქონე “ოცნების” ხელისუფლების მიერ პრეზიდენტად პრორუსული პარტია “ხალხის ძალის” წარმომადგენლის – მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას, როგორც რუსი დიპლომატი ირწმუნება, ეს “ქართველების შიდა საქმეა და რუსეთი პროცესებში არ ერევა”.
ცნობისთვის: თილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთერთობები საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ გაწყვიტა.
“ოცნების” სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლებამ, მოსახლეობის უმრავლესობის მრავალწლიანი ურყევი ნების საფუძველზე კონსტიტუციაში ასახული ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ევროინტეგრაცია 2028 წმალდე ოფიციალურად შეაჩერა, ახალი მოწვევის სადავო პარლამენტმა კი, როგორც დღეს გახდა ცნობილი, დღის წესრიგიდან მოხსნა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ქვეყნის ნატო-ში იტეგრაციას შეეხებოდა.
accentnews.ge