მოსკოვი – „თუ სომხეთი ევროპული არჩევანის გზას დაადგება, მტკივნეული იქნება”

„თუ სომხეთი ევროპული არჩევანის გზას დაადგება, ეს ობიექტურად გამოიწვევს იმ დამკვიდრებული ეკონომიკური ურთიერთობების გადახედვას, რომლებიც დღეს არსებობს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) ხაზით ერევანსა და მის პარტნიორებს შორის. ალბათ, ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება, მათ შორის, სამწუხაროდ, სომხეთის მოსახლეობისთვისაც,“ – განაცხადა ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა “იზვესტიასთან” ინტერვიუში.
მისი თქმით, საქმე იმაშია, რომ ერთდროული წევრობა როგორც ევროკავშირში, ისე ЕАЭС-ში შეუძლებელია, “რადგან ეს კავშირები განსხვავებულ საბაჟო-ტარიფულ რეგულირებას ეფუძნება – ეს ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებული ეკონომიკური ბლოკებია”.
“შესაბამისად, სომეხ კოლეგებს, როგორც ჩანს, გარკვეულ ეტაპზე მოუწევთ არჩევანის გაკეთება, რომელი მიმართულებით სურთ წასვლა – ევროკავშირში ინტეგრაციისკენ თუ ევრაზიული ინტეგრაციის გაგრძელებისკენ ЕАЭС-ის ხაზით. ეს მონაწილეობა აშკარა სარგებელს აძლევს სომხეთის მოსახლეობას და ეს პირველ რიგში აისახება სომხეთის მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტის) მნიშვნელოვანი ზრდის მაჩვენებლებში – ბოლო წელს ეს ზრდა დაახლოებით 6% იყო”.
მისივე განცხადებით, ევროკავშირი ამ ეტაპზე სომხეთისა და სხვა ქვეყნებისათვის მოთხოვნებისა და კრიტერიუმების ერთობლიობაა, არაერთმნიშვნელოვანი და ბუნდოვანი გაწევრიანების პერსპექტივებით.
“ჩვენს შორის სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს შეადგინა დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი და ამ მაჩვენებელმა სერიოზული ზრდა აჩვენა. სომხეთის ინტერესების რაიმე ფორმით შეზღუდვის გეგმა ჩვენ არ გაგვაჩნია და არც შეიძლება გვქონდეს. ის ჩვენი მოკავშირეა, სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც ჩვენთან ისევე, როგორც საქართველოსთან, გვაკავშირებს მრავალსაუკუნოვანი საერთო ისტორია, ჩვენი ერთობლივი გამარჯვება დიდ სამამულო ომში, რომლის 80 წლის იუბილეს, იმედია, ერთობლივად ვიზეიმებთ 9 მაისს”.
გალუზინის თქმით, „ეს ყველაფერი ძირითადად ეფემერული იდეოლოგემებია და არა რეალური ეკონომიკური თანამშრომლობა”
“დღემდე სომხეთის სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის თითოეულ ქვეყანასთან რამდენჯერმე ნაკლებია, ვიდრე რუსეთთან. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ევროკავშირი ღიად ატარებს მტრულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ – ქვეყნის, რომელიც სომხეთისთვის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორსა და სტრატეგიულ მოკავშირეს წარმოადგენს.
ეს პოლიტიკა გამოიხატება უკვე აკვიატებულ, მანიურ მცდელობაში, მიაყენოს რუსეთს სტრატეგიული მარცხი და დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა; დაბლოკოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ში კრიზისის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მოგვარებას და მშვიდობის მიღწევას; და ასევე ცდილობს შუღლის შეტანას რუსეთსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის — როგორც დსთ-ის, ასევე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ფარგლებში.“
„ვიმედოვნებ, რომ ოფიციალურ ერევანში ხედავენ ამ ვითარებას და შესაბამისი შეფასებაც გააკეთეს. ამ ეტაპზე სომხეთი არ გამოსულა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის არცერთი სტრუქტურიდან. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ სომხეთის წარმატებულ თავმჯდომარეობას ЕАЭС-ში 2024 წელს, და შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. სომხეთის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ დსთ-ის სტრუქტურების ყველა ღონისძიებაში და ყველა ექსპერტულ შეხვედრაში.“