მოსკოვი თბილისისგან მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაიწყოს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის წინ, ს ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველთან კონსტანტინე კოჩიევთან და მის სოხუმელ კოლეგა ირაკლი ტუჟბასთან ერთად მომავალი შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი შეათანხმა.
მოსკოვი თბილისის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებით, ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმების შემუშავებას მოითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
“უკანასკნელ პერიოდში სასაზღვრო ინციდენტების გათვალისწინებით, ხაზგასმულია თბილისის მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით იურიდიული გარანტიების დაუყოვნებლივი შემუშავების საჭიროება და ასევე საქართველო-სა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება , მისი შემდგომი დემარკაციით”, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ, რომელიც 5 დეკემბერს გაიმართება.
ე.წ სასაზღვრო ინციდენტში, მოსკოვი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გუნტური მოკლეს, მისი თანხმხლები ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიის ნიშთან მოხდა. გინტური და დოთიაშვილი თანასოფლელებთან ერთად ჯერ სოფლის სასაფლაოზე იყვნენ, შემდეგ კი ლომისის ეკლესიაში, სანთლის დასანთებად მივიდნენ. მათ ოკუპანტების მიერ აჭედილი ლომისის ეკლესიის კარი შეაღეს. ამის შემდეგ მათ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები თავს დაესხნენ, გინტური მოკლეს, დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და , ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.
ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი წინადადება ქართული მხარისთვის მიუღებელია.