საერთო იურისდიქციის პირველმა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დონეცკის პრორუსი სეპარატისტების ყოფილი მეთაურის, იგორ სტრელკოვისთვის (გირკინს). იანვრის ბოლოს ის ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით 4 წლით გაგზავნეს კოლონიაში.
სასამართლოს სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. სტრელკოვის ნათესავებს არ მიეცათ მასზე დასწრების საშუალება, იტყობინება მისი მეუღლე მიროსლავა რეგინსკაია.
53 წლის სტრელკოვი, რომელიც სოციალურ ქსელებში ომის მომხრე რადიკალური პოზიციებიდან აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას, შარშან ივლისში დააკავეს. სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი გახდა მისი პოსტები Telegram-ში.
პატიმრობისას მან გამოაცხადა თავისი კანდიდატურის წამოყენების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე. თუმცა მისმა მხარდამჭერებმა კანდიდატის მხარდასაჭერად ყრილობის გამართვა ვერ მოახერხეს. იტყობინებოდნენ, რომ მათ ვერ იპოვეს ნოტარიუსი, რომელიც საჭირო დოკუმენტების დადასტურებას დათანხმდებოდა.
დაცვის მხარემ სასამართლოს მოსთხოვა უკრაინის ომში სტრელკოვის გაგზავნა. კანონი ამის საშუალებას იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი პუტინი შეიწყალებს მას: 2022 წელს რუსეთმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ექსტრემიზმის მუხლებით მსჯავრდადებულთა გაგზავნას საბრძოლო მოქმედებების ზონაში.
რუსეთში გამოტანილი სასჯელის გარდა, სტრელკოვს ნიდერლანდში დაუსწრებლად მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა მალაიზიის ავიახაზების Boeing-ის (რეისი MH-17) ავიაკატასტროფის საქმეზე, რომელსაც თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი ემსხვერპლა. ის ბრალს უარყოფს.