მოსკოვის სასამართლომ ტერაქტის გამო კიდევ 3 პირი დააპატიმრა – ვინ არიან ახალი ფიგურანტები

მოსკოვის სასამართლომ კროკუს სითი ჰოლზე მოწყობილ თავდასხმასთან დაკავშირებით პატიმრობა კიდევ სამ პირს შეუფარდა.
სამი ახალი ფიგურანტი ისროილ, ამინჩონ და დილოვარ ისლომოვები არიან. დილოვარი და ამინჩონი ძმები არიან, ისროილი კი მათი მამაა. სამივე მათგანს ს მოქალაქეობა გააჩნია.
23 წლის დილოვარ ისმაილოვი იმ რენოს მარკის ავტომობილის ყოფილი მფლობელია, რომლის მეშვეობითაც ტერორისტებმა კროკუს სითი ჰოლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ტერაქტიდან რამდენიმე საათში მან Новая газета Европа-სთან საუბარში თქვა, რომ დაახლოებით ერთი კვირით ადრე ავტომობილი საკუთარი ცოლის ძმას მიჰყიდა. სამთავრობო მედია РИА Новости წყაროზე დაყრდნობით ირწმუნებოდა, რომ ისმოლოვმა მანქანა თებერვალში გაყიდა, თუმცა საავტომობილო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მის სახელზე რჩებოდა.
“ეს ჩემი მანქანა იყო. როდესაც თავად ვნახე ეს ფოტოები, შოკში ვიყავი. არ ვიცი რა გავაკეთო. ვცდილობდი დამერეკა ცოლის ძმისთვის, ახლა ის ზარს აღარ პასუხობს. მითხრა, ეს მანქანა ჩემს მეგობარს სჭირდებაო.” – ამბობდა დილოვარი Новая газета Европа-სთან.
რაც შეეხება 33 წლის ამინჩონს, როგორც Медиазона წერს, ის სამი ფიგურანტიდან ერთადერთია, რომელიც ამბობს, რომ უდანაშაულოა. ამავე ცნობით, ამინჩონმა თქვა, რომ ძმასთან, დილოვართან ერთად პოლიციაში თავისი ფეხით მივიდნენ მას შემდეგ, რაც კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმის შესახებ შეიტყვეს. ამინჩონს ჰყავს ცოლი და 8 შვილი. მისი პროცესის დროს, როცა მოსამართლემ მოითხოვა, მედიის წარმომადგენლებს დარბაზი დაეტოვებინათ, ამინჩონ ისმაილოვი ამის წინააღმდეგი იყო და სურდა, რომ პრესა განხილვის დროს დარჩენილიყო.
საგამოძიებო კომიტეტს მიაჩნია, რომ დილოვარი და ამინჩონი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ. მათი მტკიცებით, კროკუს სითი ჰოლზე ერთ-ერთმა თავდამხსმელმა, შამსადდინ ფარიდუნიმ ამინჩონი დაჯგუფებაში 2024 წლის იანვარში, დილოვარი კი 2024 წლის მარტში გადმოიბირა.
64 წლის ისროილ ისლომოვს, ამინჩონისა და დილოვარის მამას, ასევე ბრალად ედება ტერაქტის მოწყობის მუხლის დარღვევა. ისროილს ჰყავს ცოლი და ხუთი შვილი.
წინა 4 ფიგურანტის მსგავსად, 3 ახალ ფიგურანტსაც სასამართლომ პატიმრობა, ჯერჯერობით, 22 მაისამდე შეუფარდა. ტერორიზმის მუხლი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე “კროკუს სითი ჰოლის” საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 137-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს .
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას “ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი” უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.
7 მარტს -ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.
რუსეთის ცნობით, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია 11 პირი, აქედან 4 უშუალოდ შემსრულებელია. ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს: დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ბრალი სრულად აღიარეს. სასამართლო პროცესზე ოთხივე ეჭვმიტანილს ეტყობოდა ცემის კვალი.