პრეზიდენტ პუტინისა და სხვა მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების გაცემისთვის რუსეთში დაუსწრებლად გაასამართლეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი კარიმ ხანი, სასამართლოს თავმჯდომარე პეტრ ჰოფმანსკი, მისი სამი მოადგილე და ოთხი მოსამართლე.
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ICC-ის წარმომადგენლები „დამნაშავედ“ ცნო „რუსეთის მოქალაქეების უკანონოდ დევნაში“ და დაუსწრებლად მიუსაჯა 3,5-დან 15 წლამდე პატიმრობა.
15 წლიანი პატიმრობა „მიუსაჯეს” პროკურორ კარიმ ხანს, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლოს გაცემული აქვს პუტინისა და სხვათა დაპატიმრების ორდერები.
მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 12 დეკემბერს იუწყებიან რუსეთის გენერალური პროკურატურა და საგამოძიებო კომიტეტი.
· 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
· სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
· ჰააგის სასამართლოს გაცემული აქვს ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუს, გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის, შორეული ავიაციის ყოფილი სარდლის, სერგეი კობილაშის და შავი ზღვის ფლოტის ყოფილი სარდლის, ვიქტორ სოკოლოვის დაპატიმრების ორდერებიც.
www.radiotavisupleba.ge




