“მოსკოვის ნაწილი ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე დარჩა“ | უკრაინული მედიის ცნობით, ჰაკერებმა რუსული ინტერნეტ პროვაიდერი გატეხეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერებმა მოსკოვის ინტერნეტ პროვაიდერის რესურსები გატეხეს და სერვერები გაანადგურეს. ინფორმაციას UNIAN სამართალდამცავი ორგანოებიდან ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თანახმად, Blackjack ჯგუფის ჰაკერებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია SBU-სთან [უკრაინის უსაფრთხოების სამსახური], გატეხეს მოსკოვის ინტერნეტ პროვაიდერი M9kom და დააზიანეს მისი სერვერები.
„საუბარია 20 ტერაბაიტ წაშლილ მონაცემზე: კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი, ფილიალის ვებსაიტები, ფოსტის სერვერი, კიბერდაცვითი სერვისები და ა.შ. შედეგად მოსკოვის მაცხოვრებლების ნაწილი ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე დარჩა“, – აცხადებს წყარო.