მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა იყო მრავალბინიან სახლზე. ამის შესახებ 24 ოქტომბერს, გამთენიისას განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ.
კრასნოგორსკის მერის, დმიტრი ვოლკოვის თანახმად, „მტრის დრონით“ დარტყმა იყო სახლის მე-14 სართულზე. ვოლკოვის ინფორმაციით დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ქალაქი კრასნოგორსკი უშუალოდ მოსკოვს ესაზღვრება და მისი ცენტრიდან 22 კილომეტრშია. კრასნოგორსკში მდებარეობს მოსკოვის საოლქო სასამართლო და მოსკოვის საოლქო დუმის და საოლქო მთავრობის შენობები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში „გზად დაჭერილი და განადგურებული“ 111 უკრაინული დრონიდან მოსკოვის ოლქზე მოდის მხოლოდ ერთი. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
მოგვიანებით მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს მოსკოვისკენ მიმავალი კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი და ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილას საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ. სობიანინს კონკრეტული ადგილი არ დაუსახელებია.
24 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, უკრაინას რუსეთზე დრონებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
ფორუმი




