6 ივნისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო მოსკოვის შემოგარენსა და რუსეთის რამდენიმე ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება.
აფეთქებები იყო სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, სადაც რუსეთის სამხედრო აეროდრომი და ნავთობის ბაზა მდებარეობს. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე.
სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია ენგელსის „ერთ-ერთ საწარმოში“. ბუსარგინმა კონკრეტული საწარმო არ დაასახელა. გუბერნატორის ინფორმაციით, ენგელსში დაზიანებულია მრავალბინიანი სახლიც.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის ბაზაზე იერიში მიიტანეს 2025 წლის იანვარშიც. მარტში შეტევა იყო ენგელსის სამხედრო აეროდრომზეც.
უკრაინული დრონებით შეტევისა და მათი „განადგურების“ შესახებ გამთენიისას ტელეგრამით იუწყებოდნენ მოსკოვის მერი და კალუგის და ტულის ოლქების გუბერნატორებიც.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მტკიცებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვამ მოიგერია 10 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც მოსკოვზე შეტევას ცდილობდნენ. სობიანინს არაფერი უთქვამს ხმელეთზე შედეგების შესახებ.
ტულის ოლქის გუბერნატორ დმიტრი მილიაევის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუთი დრონის მოგერიებას და ოთხი ავტომობილის დაზიანებას იუწყებოდა კალუგის ოლქის გუბერნატორი ვლადისლავ შაპშა.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს მოსკოვის და რუსეთის რამდენიმე რეგიონის აეროპორტები.
უკრაინას რუსეთზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ფორუმი
