მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ მოწყობილ თავდასხმასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში ტაჯიკეთში ცხრა პირი დააკავეს, იტყობინება 29 მარტს ტაჯიკეთის მედია, რომელიც იმოწმებს წყაროებს ძალოვანი სტრუქტურებიდან.
არსებული ცნობით, ისინი 25 მარტს დააკავეს ვაჰთადის რაიონში, დუშანბეში. წყარომ რადიო თავისუფლებას დუშანბედან აცნობა, რომ დაკავებულთა შორის რამდენიმე ახალგაზრდა კაცია. 26 მარტს წყარომ სამართალდამცავი ორგანოებიდან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაკავებულთაგან ექვსი პირი ტერაქტის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. მას სხვა დეტალები არ გაუმხელია.
რუსეთის მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემებით, მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 143 ადამიანი დაიღუპა.
22 მარტს, საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის” კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 12 პირი, მათ შორის ტერაქტის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა განშტოებამ („ხორასანი”). რუსეთის ხელისუფლება მაინც ცდილობს, თავდასხმა უკრაინას დაუკავშიროს, რასაც კატეგორიულად უარყოფენ კიევი და დასავლეთის არაერთი სახელმწიფო. აშშ-ის ინფორმაციით, მან რუსეთი მარტის დასაწყისში გააფრთხილა, რომ ექსტრემისტები თავდასხმებს ამზადებენ.