მოსკოვთან „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკში, „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვმა 115-ს მიაღწია. ამის შესახებ განაცხადა მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა. მისი თქმით, დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.
მანამდე საგამოძიებო კომიტეტი იტყობინებოდა, რომ ამოცნობილია 41 ადამიანის გვამები.
როგორც ვორობიოვმა თქვა ს ტელევიზიით გამოსვლისას, მაშველებმა შეძლეს საკონცერტო დარბაზში შესვლა და მდგომარეობას იქ „უკიდურესად მძიმე“ უწოდეს.
რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, „კროკუს სიტი ჰოლში“ მაყურებელთა დარბაზი მთლიანად დანგრეულია.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ამ დრომდე გრძელდება თავდასხმის ტერიტორიაზე საგამოძიებო და გაწმენდითი სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გაშიფვრის პროცესი.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისათვის, კლინიკებში გადის მკურნალობას 107 დაშავებული. მათგან 16-ის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის, ერთი ბავშვია.
ექიმები მძიმედ აფასებენ კიდევ 44 პაციენტის მდგომარეობას, რომელთა შორისაც ორი ბავშვია.
საგამოძიებო კომიტეტი ადასტურებს, რომ წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელებმა შენობის დასაწვავად გამოიყენეს ადვილად აალებადი სითხე. “კროკუს სიტი ჰოლში“ აღმოჩენილია ავტომატები და სხვა საბრძოლო იარაღი, რომლებიც თავდამსხმელებმა დატოვეს.
უწყების ცნობით, მსხვერპლთა უმეტესობა სროლის შედეგადაა დაღუპული.
22 მარტს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, თავდასხმა მოაწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში, შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.
Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის საქმეზე 11 პირია დაკავებული.
ამის თაობაზე ინფორმაცია უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა წარუდგინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ინფორმაციას სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორისაა ოთხი პირი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ თავდასხმაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელები ბრიანსკის ოლქში დააკავეს.