მოსახლეობის 63%–ს სჯერა, რომ პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გაზრდა ქვეყანას სარგებელს მოუტანს – კვლევა
„გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულებების კვლევის“ (GEAS) თანახმად, საქართველოში თითქმის ყველა 16 წელზე უფროსი ადამიანი საქართველოში (95%) იზიარებს მინიმუმ ერთ გენდერულ სტერეოტიპს ქალთა დასაქმების შესახებ, 75% -ზე მეტი კი – ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში როლების გადანაწილების შესახებ.
კვლევის ავტორების ინფორმაციით, კვლევა საქართველოში 2024 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარდა და შეისწავლა, რამდენადაა გავრცელებული საქართველოში ის დისკრიმინაციული დამოკიდებულებები და გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ქვეყანაში გენდერულ უთანასწორობას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, გამოკითხვის შედეგების თანახმად, ქალები, ახალგაზრდები, დასაქმებული პირები და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები ემხრობიან გენდერულ თანასწორობას და მხარს უჭერენ ქალთა გაძლიერებას.
„კვლევამ გამოავლინა განსხვავება ინდივიდუალურ დამოკიდებულებებსა და მოსახლეობის მიერ სოციალური ნორმების აღქმას შორის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინდივიდუალურ დონეზე, საქართველოს მოსახლეობას გენდერულ თანასწორობაზე უფრო პროგრესული შეხედულებები აქვს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, იმისგან განსხვავებით, რასაც, მათი აღქმით, მათ დასახლებაში მცხოვრებთა უმეტესობა ფიქრობს.
კვლევა 2024 წლის იანვრიდან თებერვლამდე პერიოდში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით, CRRC-საქართველომ ჩაატარა. კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გენდერული თანასწორობის უწყების Unstereotype Alliance-ის გამოკითხვას გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების შესახებ, რომელიც 20 ქვეყანაში რეგულარულად ტარდება.
კვლევის კითხვარი შეეხებოდა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ დამოკიდებულებებსა და სოციალურ ნორმებს 10 სფეროში: განათლება, სამსახური და დასაქმება, ლიდერობა და მონაწილეობა, ქორწინება და ოჯახური ცხოვრება, უსაფრთხოება და ძალადობა, ჯანდაცვა, კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე, კონტროლი პირად ფინანსებზე, წვდომა ფიზიკურ ქონებაზე და მომავლის იდეალები.
ძირითადი მიგნებები: მოსახლეობაში გავრცელებულია დასაქმებასთან დაკავშირებული გენდერული სტერეოტიპები.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (83%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ ანაზღაურებადი სამუშაო საუკეთესო საშუალებაა ქალისთვის, იყოს დამოუკიდებელი, თუმცა თითქმის ყოველ მეორე ადამიანს (48%) მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილების სიმწირის შემთხვევაში კაცების დასაქმება უფრო პრიორიტეტულია.
მოსახლეობის უმრავლესობას (75%) სჯერა, რომ არსებობს პროფესიები, რომელთა შესრულებაც ქალებს არ შეუძლიათ. ასევე, ყოველი მეორე ადამიანი (54%) ფიქრობს, რომ მომსახურების სფეროში სამუშაო ქალებს უფრო მეტად შეეფერებათ. მოსახლეობის უმეტესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალები ნაკლებს უნდა მუშაობდნენ, ოჯახზე ზრუნვას (71%) კი მეტ დროს უთმობდნენ და როცა დედა მუშაობს, ბავშვები ამას მძიმედ განიცდიან (69%). მამების შემთხვევაში, ამგვარად მოსახლეობის მხოლოდ 16% ფიქრობს.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა: მოსახლეობის აღქმით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა სასარგებლოა, თუმცა, რთულად მისაღწევი.
მოსახლეობის უმრავლესობას (63%) სჯერა, რომ პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გაზრდა ქვეყანას სარგებელს მოუტანს, ხოლო 65% მიიჩნევს, რომ რაც მეტი ქალი იქნება საქართველოს პარლამენტში, მით მეტი გავლენა ექნებათ მათ პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საჯარო პოლიტიკაზე. საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი (52%) ფიქრობს, რომ პოლიტიკაში ქალების რაოდენობის ზრდა დადებით გავლენას მოახდენს ქვეყანაზე. ამავდროულად, მოსახლეობის 22%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში არჩევით თანამდებობაზე კენჭისყრა ქალებისთვის უფრო რთულია, ვიდრე კაცებისთვის (11%).
პოლიტიკაში ქალების ჩართვისთვის ყველაზე დიდ წინაღობად ოჯახური ვალდებულებები (49%) და ქალისა და კაცის როლებზე საზოგადოებაში არსებული შეხედულებები (27%) აღიქმება. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის (57-72%) განცხადებით, ადამიანის სქესს მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის წევრის ან მერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვისას. ისინი, ვინც რომელიმე სქესს უპირატესობას ანიჭებს, ყველა ამ თანამდებობაზე კაცს უფრო დაუჭერდა მხარს, ვიდრე ქალს.
თუმცა, ამავდროულად, საქართველოს მოსახლეობის (48%) თქმით, სწორედ ოჯახის მხარდაჭერას შეუძლია პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობის წახალისება. ოჯახის მხარდაჭერას მოსდევს კარგი ფინანსური რესურსები (22%) და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის გაზრდა პოლიტიკაში ქალების ჩართვისთვის (21%).
კაცებთან შედარებით, ქალებს უფრო მეტად სჯერათ, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვა ქვეყანას სარგებელს მოუტანს.
ოჯახური ცხოვრება: მოსახლეობაში კვლავაც გავრცელებულია გენდერული სტერეოტიპები ოჯახური ცხოვრების შესახებ.
ყოველ მეორე ადამიანს (52%) სჯერა, რომ ოჯახში ბოლო სიტყვა კაცს ეკუთვნის და ბავშვზე ზრუნვა უფრო დედის პასუხისმგებლობაა, ვიდრე მამის. მოსახლეობის უმრავლესობა (56%) ეთანხმება აზრს, რომ თუკი ბავშვი ავად გახდება, მის მოსავლელად სამსახურიდან დასვენების დღე დედამ უნდა აიღოს და არა მამამ.
კვლევაში გამოჩნდა გარკვეული განსხვავება ინდივიდუალურ დამოკიდებულებებსა და, რესპონდენტების აღქმით, საზოგადოებაში არსებულ ნორმებს შორის. კერძოდ, გამოკითხულთა მხოლოდ 42 % ეთანხმება ტრადიციულ მოსაზრებას, რომ ოჯახის მთავარი მარჩენალი კაცი უნდა იყოს, ხოლო ოჯახის მოვლა ქალის პასუხისმგებლობაა. თუმცა, უმრავლესობას (57%) მიაჩნია, რომ ამ შეხედულებას მათ დასახლებაში მცხოვრებთა უმრავლესობა იზიარებს.
ქალთა მიმართ ძალადობა: მოსახლეობის დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ არაერთგვაროვანია.
მოსახლეობის 91% ამბობს, რომ არ არსებობს გარემოებები, როცა ადამიანმა შეიძლება პარტნიორს დაარტყას, ნაკლებს (78%) მიაჩნია, რომ მათ დასახლებაში ხალხის უმეტესობა იმავეს ფიქრობს. მოსახლეობის 74% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ცოლ-ქმარს შორის ძალადობა პირადი საქმეა და სხვები არ უნდა ჩაერიონ, ნაკლებს (59%) სჯერა, რომ ამ მოსაზრებას მათ დასახლებაში ხალხის უმეტესობაც იზიარებს.
საკუთარ ცხოვრების კონტროლთან დაკავშირებული განწყობები: მოსახლეობის აღქმით, კაცებთან შედარებით, ქალები ნაკლებად აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას, განსაკუთრებით სექსუალურ ნაწილს.
მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს (51%) სჯერა, რომ ქალების უმეტესობა დამოუკიდებლად განკარგავს საკუთარ ცხოვრებას, კაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 65%-ია. 82% ფიქრობს, რომ კაცების უმრავლესობა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, ვისზე იქორწინოს, ხოლო ქალების შემთხვევაში იმავეს მხოლოდ 69% ამბობს.
მოსახლეობის 91% ეთანხმება აზრს, რომ ქალებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება უნდა ჰქონდეთ, თუ როდის და ვისზე დაქორწინდნენ, უფრო ნაკლები – 72% მიიჩნევს, რომ ამ მოსაზრებას მათ დასახლებაში მცხოვრებთა უმეტესობაც იზიარებს.
საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი (51%) ფიქრობს, რომ კაცისთვის ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის ქონა გამართლებულია, ხოლო ქალების შემთხვევაში იმავეს მხოლოდ 30% პროცენტი ამბობს. მოსახლეობის აღქმით, ხალხის უმეტესობას ამ დამოკიდებულებაზე უფრო კონსერვატიული შეხედულებები აქვს. მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ მათ ირგვლივ მისაღებია ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი ქალებისთვის, სინამდვილეში კი ამგვარად მოსახლეობის 31% ფიქრობს.
განათლება: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (88%) არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბიჭისთვის უფრო მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო განათლების მიღება, ვიდრე გოგოსთვის.
თუმცა, ამავდროულად, მოსახლეობის ეს ნაწილი ფიქრობს, რომ მათი დასახლების მაცხოვრებელთა უმეტესობას ამ საკითხზე უფრო კონსერვატიული შეხედულება აქვს. მხოლოდ მოსახლეობის 69% ამბობს, რომ მის დასახლებაში მცხოვრებთა უმეტესობა იზიარებს მათ შეხედულებას.
კვლევა ნაწილია პროექტის – „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
