დაშბაშის კანიონთან მდებარე ეთნოსახლში „ედის დაჩა“ კადრების დეფიციტზე საუბრობენ.
როგორც ობიექტის დამფუძნებელი ედვარდ მკრტიჩიანი BM.GE-სთან აცხადებს, რეგიონის სპეციფიკიდან და მოსახლეობის მიგრაციული ტენდენციებიდან გამომდინარე, კადრების მოძიება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.
„დიდი პრობლემის წინაშე ვართ. მოსახლეობის გადინება ფიქსირდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ისინი ან დიდ ქალაქებში მიდიან, ან ევროპაში სამუშაოდ. რეგიონიც საკმაოდ სპეციფიკურია – მოსახლეობის დაახლოებით 40% სომეხია, 10% ბერძენი, 40% ეკომიგრანტია აჭარიდან და 10% – სვანეთიდან. ზოგს ენობრივი ბარიერი აქვს, რის გამოც რუსეთსა და საბერძნეთში მიდიან სამუშაოდ“, – განმარტა მკრტიჩიანმა.
მისივე თქმით, ამის გამო ობიექტმა არაკვალიფიციური თანამშრომლების აყვანისა და ადგილზე გადამზადების სტრატეგია აირჩია : „ჯერ ავიყვანეთ არაკვალიფიციური კადრები და შემდეგ დავატრენინგეთ. ამჟამად, სასტუმროში 5 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ვაპირებთ გუნდის გაფართოებას და კიდევ 3 ადამიანის დამატებას“, – აღნიშნა მან.
მკრტიჩიანის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გენდერული თანასწორობის მიმართულებასაც.
„რეგიონში ადრე არსებობდა სტერეოტიპი, რომ ქალის მუშაობა სასტუმროში მიუღებელი იყო. ამიტომ, მოვაწყვეთ ღია კარის დღეები, სადაც ადგილობრივმა ოჯახებმა თავად ნახეს, რომ სასტუმრო არ არის ის სტერეოტიპული გარემო, რაც ადრე ეგონათ. ამასთან, ვატარებთ ტრენინგებს ადგილობრივებისთვის, ვასწავლით მომსახურების სტანდარტებს, და ვეხმარებით ახალგაზრდებს, ვისაც სტუმარმასპინძლობის სექტორში სურს განვითარება“, – ამბობს მკრტიჩიანი.
მისივე განცხადებით, „ედის დაჩაში“ ქალისა და მამაკაცის ხელფასი ერთნაირია, ხოლო გამჭვირვალობისა და თანასწორობის პრინციპები სასტუმროს შიდა პოლიტიკის ნაწილია.
შეგახსენებთ, რომ თბილისიდან დაახლოებით 100 კმ-ში მდებარე ეთნო სახლი „ედის დაჩა“ გასული წლის 5 ივნისს გაიხსნა. 1936 წელს აშენებული და ახლახან რესტავრირებული სახლის პირველ ეტაპზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 160 000 ლარი შეადგინა, ხოლო სასტუმრო სტუმრებს 5 ნომრითა და 14 ადამიანის მიღების შესაძლებლობით ემსახურებოდა.
bm.ge
