საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის, 11 ძირითადი მდინარის აუზისთვის, ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების რუკები მომზადდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულის საფუძველზე მუშავდება რისკის რუკები, რაც ხელს შეუწყობს სტიქიისადმი მოწყვლადი არეალების იდენტიფიცირებას და ზეგავლენაზე დაფუძნებული გაფრთხილებების გავრცელებას. საუბარია, ისეთ რისკებზე, როგორიცაა: წყალდიდობა, თოვლის ზვავები, გვალვა, სეტყვა, ძლიერი ქარი, მეწყერი და ღვარცოფი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამ დროისთვის სტიქიების მიმართულებით საქართველოს ტერიტორიის 86%-ის მონიტორინგი ხორციელდება. მომავალ წელს კი, ეს მაჩვენებელი 99%-მდე გაიზრდება.
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოსახლეობას მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით მიეწოდება, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა მობილურ აპლიკაციაზეც, რომელიც ხელმისაწვდომი წლის ბოლოდან იქნება და მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
“ვმუშაობთ ისეთ თანამედროვე საინფორმაციო სისტემაზე, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება და თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი თანამედროვე მობილური აპლიკაცია, რომელიც 24-საათიან რეჟიმში გასცემს გაფრთხილებებს ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მუნიციპალიტეტისთვის და რეგიონისთვის. აქ ჩვენ ვთანამშრომლობთ, მოწინავე ფინეთის მეტეოროლოგიურ სამსახურთან, რომელიც გვეხმარება ამ სისტემის აწყობაში. სწორედ ეს საფრთხის რუკები, მონიტორინგის თანამედროვე სადგურები არის შემადგენელი ნაწილი ამ სისტემის, რომ ჩვენ გვქონდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ეროვნული გაფრთხილების საინფორმაციო სისტემა”, – ამბობს ნინო თანდილაშვილი.
