მოსამართლის მიმართ სიტყვიერი „უპატივცემულობა“ სისხლის სამართლით დაისჯება – „ქართული ოცნების“ კანონპროექტი

„ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და მოსამართლეების მიმართ არამხოლოდ სხდომათა დარბაზში, არამედ ნებისმიერ საჯარო სივრცეში „უხამსი ქმედება“ დასჯადი გახდება. ამაში იგულისხმება სიტყვიერი „უპატივცემულობაც“.
კანონპროექტით, რომლის მიღებაც „ქართულ ოცნებას“ დაჩქარებული სახით უნდა, მსგავს გამოხატვაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წესდება. აქამდე არსებული რეგულაციით დასჯადი იყო მონაწილე მხარეების მხრიდან სასამართლოს უპატივცემულობა, თუმცა ახლა ეს კანონი გავრცელდება ნებისმიერ ადამიანზე.
ცვლილება შევა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში და მასში ჩაიწერება: „მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით (ვერბალურად, უხამსი ქმედებით და ა.შ.) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში) მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას“.
რადიო თავისუფლებას პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მსგავს შემთხვევებში საქმე აღიძრება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 366-ე მუხლით. ამ ჩანაწერის მიხედვით:
· სასამართლოს უპატივცემულობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
· საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან ნაფიცმსაჯულის შეურაცხყოფა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
„ქართული ოცნება“ საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად სულ უფრო და უფრო ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. 2025 წლის თებერვალში მიიღო კანონი, რომლითაც ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა თანამდებობის პირების მიმართ შეურაცხყოფა – ეს წესი კი გაავრცელა სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტებსა და კომენტარებზე.
ამ ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით კი მოსამართლეებს განსაკუთრებულ პირობებში აყენებს და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას სისხლის სამართლის წესით ხდის დასჯადს.
ფორუმი