მოსამართლის მივლინების ვადა ორი წლიდან სამ წლამდე იზრდება – დასაშვები იქნება ვადის კიდევ ორი წლით გაგრძელება

მოსამართლის მივლინების ვადა ორი წლიდან სამ წლამდე იზრდება. ასევე, დასაშვები იქნება ამ ვადის კიდევ ორი წლით გაგრძელება.
ეს არის კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის.
ამასთან, მოქმედი კანონით, მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი მივლინების გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს. ცვლილებებით, ასეთი გადაწყვეტილებისთვის საჭირო იქნება სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერა.
მოსამართლის მივლინების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, გასაჩივრება შეაჩერებს მივლინების გადაწყვეტილების მოქმედებას, საკვალიფიკაციო პალატის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე.
უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას ენიჭება უფლებამოსილება, საკუთარი გადაწყვეტილებით დაასრულოს მივლინებასთან დაკავშირებული პროცედურა, თუ მიიჩნევს, რომ მოსამართლის მივლინების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება იქნება უკანონო.
კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით, საკვალიფიკაციო პალატას მხოლოდ საქმის ხელახლა განსახილველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დაბრუნება შეუძლია.