მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პროევროპულ დემონსტრაციებზე დაკავებული რვავე პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს ფოიესა და ეზოში ხმაური მოჰყვა.
ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილება სასამართლოს დარბაზში არ მოუსმენიათ დაკავებულებს. მათ და მათმა ადვოკატებმა სხდომათა დარბაზი დღის პირველი საათისთვის, პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც მოსამართლემ უარი თქვა დარბაზის შეცვლასა და სხდომის უფრო დიდ დარბაზში ჩატარებაზე.
ბრალდებულები და მათი ადვოკატები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ დარბაზის შეცვლას, რადგან, მათი თქმით, მცირე დარბაზში, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, დამსწრეთა დიდი რაოდენობის გამო, შეუძლებელი იყო მუშაობა.
ერთ-ერთი დაკავებული, ირაკლი მიმინოშვილი გახდა შეუძლოდ. სასამართლოში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. ექიმებმა ჯანმრთელობის ცნობაში ჩაწერეს, რომ ის, სავარაუდოდ, უჰაერობის გამო გახდა შეუძლოდ, თუმცა, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მაინც არ მიიღო დარბაზის შეცვლის გადაწყვეტილება.
მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა დატოვეს სასამართლოს დარბაზი, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხუთი ბრალდებულისთვის საზოგადოებრივი ადვოკატები დაენიშნა, რადგან დაკავებული 8 პირიდან ოთხი 21 წელს მიუღწეველი, ერთი კი არაქართულენოვანია.
საზოგადოებრივ ადვოკატს სულ ორიოდ საათი ჰქონდა იმისათვის, რომ გასცნობოდა საქმის მასალებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 იანვარს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავდა პროევროპული დემონსტრაციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიების საკითხს.
11 იანვრის სხდომას 8 ბრალდებული ჰყავდა. აქედან სამს – ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.
დანარჩენ ხუთს, მათ შორის 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდებს, ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს – ძალადობაში მონაწილეობას.
ანალოგიური პროცესი გაიმართა 10 იანვარსაც, სადაც თერთმეტი პირის პატიმრობის საკითხი გადაიხედა, მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე.
მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს შენობასა და ეზოში ხმაური და პროტესტი მოჰყვა.