მოსამართლე შვანგირაძემ რეზო კიკნაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 ბრალდებულის საქმის განხილვას კვლავ ოჯახის წევრების სხდომათა დარბაზში დასწრების გარეშე აგრძელებს. ამის გამო მას განსასჯელის სკამზე მჯდომმა რეზო კიკნაძემ მონა უწოდა.
„ჩვენ ისიც გვეყოფა, რომ უდანაშაულოდ ვართ დატყვევებულები და ყოველგვარი საფუძვლის და მტკიცებულების გარეშე მოგვწყვიტეს ოჯახებს და ახლა იმის უფლებასაც არ გვაძლევთ, რომ სასამართლოზე ვნახოთ ჩვენი მშობლები? როგორი შეუგნებელი უნდა იყო ადამიანი, რომ მათ შვილს არ მისცე… რა დააშავა დედაჩემმა მაია ბექიშვილმა და მამაჩემმა ილია კიკნაძემ, რომ ახლა თავიანთ შვილს ვერ ნახულობენ სასამართლოში?
თუ ჩემს მშობლებს და დანარჩენი ბრალდებულების ახლობლებს არ დაასწრებთ სასამართლოზე, მე ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ და მინდა დავტოვო დარბაზი“, – თქვა რეზო კიკნაძემ.
სიტყვით მიმართვის დროს მან მოსამართლეს უთხრა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ს მისი „ბელადი“ იყო.
“შეუგნებელი მონა როგორ უნდა იყო, რომ შვილს დედის ნახვის უფლება არ მისცეთ?! მონა ხარ, ბიჭო, მონა!“ – მიმართა რეზო კიკნაძემ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს, რომელმაც სხდომათა დარბაზში ბრალდებულების ოჯახის წევრები არ დაუშვა.
პენიტენციური სამსახურის თანამშრომლება რეზო კიკნაძე ძალის გამოყენებით გაიყვანეს სხდომათა დარბაზიდან. ამ დროს ის საქართველოს ჰიმნს მღეროდა.
„მეტკინა, ბიჭო, ხელი“, – ისმოდა სხდომათა დარბაზში გვერდით მდებარე ოთახიდან, სადაც რეზო კიკნაძე გაიყვანეს.
მოსამართლე შვანგირაძემ 11 ბრალდებულის სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება 5 მარტის სხდომაზე მიიღო. ამ დღეს შვანგირაძემ დარბაზიდან გააძევა ბრალდებული ჯანო არჩაია, სხვა ბრალდებულებმა კი მისი დაუყოვნებლივ დაბრუნება მოითხოვეს და თქვეს, რომ სხვა შემთხვევაში სხდომას არც ისინი დაესწრებოდნენ. მათ ამ განცხადებას ტაშით შეხვდა დამსწრე აუდიტორია, საპასუხოდ კი მოსამართლე შვანგირაძემ თქვა, რომ იგი ნაწილობრივ ხურავს სხდომას.
სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი ადამიანების პროტესტი და ხმაური მოჰყვა. მანდატურებმა მათ ძალის გამოყენებით დაატოვებინეს სასამართლო სხდომის დარბაზი და შენობა.
ირაკლი შვანგირაძე განიხილავს ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის გაერთიანებულ საქმეს. მათ პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

11-ვე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით 2024 წლის დეკემბერში, დაკავებიდან 48 საათში შეუფარდა. საქმეების არსებითი განხილვა იანვარში უნდა დაწყებულიყო. თუმცა პროკურატურამ გამოძიების ვადის ორი თვით გახანგრძლივება მოითხოვა, არგუმენტით, რომ მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო არ ეყოთ.
მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საფუძველი გახდა. დაკავებულების ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურა გამოძიების გახანგრძლივების საჭიროებას ვერ ასაბუთებს, რადგან ამ უწყებისთვის უკვე მიცემული ორი თვეც ეფექტიანად ვერ გამოიყენა.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, სამ თვეზე მეტია, რაც საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა – შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.
აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – პარტია ყოველთვის მზად უნდა იყოს ნებისმიერი არჩევნებისთვის, გახარიას პარტიის გადაწყვეტილებაზე ვერავინ მოახდენს გავლენას – არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არაფერიც

გოკა გაბაშვილი – რუსები და ბოლშევიკები დღეს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და ,,კომისია” მოაწყვეს – ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ, ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა