მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი: არც მე და არც ჩემს კოლეგებს არაფრის გვეშინია

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა IDFI-ის ცნობას, რომლის თანახმად, სასამართლომ შეაჩერა ოთხი მოსამართლის, მათ შორის, მეთოფიშვილის ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების შესახებ „ანტიკორუფციული ბიუროს“ დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილება.
მოსამართლე აცხადებს, რომ არ ეშინია ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების პროცედურის და სასამართლოს მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიაზე მიუთითებს.
„დავიწყებ იმით, რომ არც მე და არც ჩემს კოლეგებს არაფრის გვეშინია, მით უმეტეს – ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართული შემოწმების პროცედურისა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მიჩნდება კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელია დღემდე და მაფიქრებინებს, რომ ეს მორიგი აჟიოტაჟიც სასამართლოს მიმართ წლების მანძილზე მიმდინარე ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია“, – წერს მეთოფიშვილი.
მოსამართლე აღნიშნავს, რომ უკვე არაერთხელ მოუწია დეკლარაციების სიზუსტის დადასტურება.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროსთან არსებული, ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული კომისია ყოველწლიურად ერთსა და იმავე, 40-მდე მოსამართლეს ირჩევს მონიტორინგის განსახორციელებლად. უკვე სათვალავი აგვერია, იმდენჯერ ვიყავით მონიტორინგში და იმდენჯერ მოგვიწია ჩვენი დეკლარაციების სიზუსტის დადასტურება, დამატებით წარდგენილი მტკიცებულებებით. ჩვენი პირველი შეკითხვაც სწორედ ესაა: რატომ და რა ნიშნით ხდება მონიტორინგს დაქვემდებარებული მოსამართლეების შერჩევა? დისკრიმინაციული მოპყრობა განა სხვა რა არის, თუ არა რაციონალური ახსნის გარეშე პირთა გარკვეული ჯგუფისადმი განსხვავებული მოპყრობა?! – აღნიშნავს სერგო მეთოფიშვილის და განაგრძობს, – ასევე გვაქვს საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ჩვენ მიერ მონიტორინგის პროცესში წარდგენილი, ჩვენი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციების კონფიდენციალურობა ამ კომისიისაგან დაცული არ არის და ეს ინფორმაცია ხვდება მავანთა ხელში! დეტალებზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, თუმცა – ამ საკითხზე სიღრმისეულად ვისაუბრებთ სწორედ სასამართლო განხილვისას“.
მოსამართლემ აქცენტი დასვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე და არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა: „უცნაურია ე.წ. არასამთავრობო სექტორის ლოგიკა: ჩვენ, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ბრალს გვდებენ, რომ თითქოს გავურბივართ ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების პროცესს; თავად კი რამდენიმე გვერდიანი დეკლარაციის წარდგენაც კი არ სურთ მათი დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად! სხვა სიტყვებით, რატომ ითვლება „ევროპულ“ სტანდარტად დეკლარაციის საერთოდ შეუვსებლობა, ხოლო საეჭვოდ წარმართულ მონიტორინგზე ლეგიტიმური შეკითხვების დასმა სასამართლო დავის ფარგლებში – „ევროინტეგრაციის“ შეფერხებად და, ალბათ, „რუსულ“ სტანდარტად?!“
გარდა ამისა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და წინააღმდეგობრივი ჩვენი ოპონენტების ლოგიკა: თუ არსებული მექანიზმი არაფრისმომცემია და აუცილებელია ე.წ. ვეტინგის შემოღება მოსამართლეთათვის, მაშინ რაღატომღაა ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი „არაფრისმომცემი“ პროცედურის ლეგიტიმურობის თაობაზე ჩვენ მიერ დაწყებული დავის შესახებ?“
ოთხი მოსამართლე, რომლებიც დამოუკიდებელმა კომისიამ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის“ გამო შეარჩია, წინააღმდეგია მათი ქონებრივი მდგომარეობა „ანტიკორუფციულმა ბიურომ“ შეამოწმოს. მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ, სერგო მეთოფიშვილმა და ვასილ მშვენიერაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს, გაუქმდეს ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელმა კომისიამ ისინი 300 საჯარო მოხელეს შორის შეარჩია შესამოწმებლად.
მათმა კოლეგებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა ლეილა ფოლადიშვილმა, ვალერიანე ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა (რომელთაც საქმე განსახილველად გადაეცათ), სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერეს „ანტიკორუფციული ბიუროს“ დამოუკიდებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ოთხი მოსამართლე თავიანთი დეკლარაციების შემოწმებაზე მიღებული დოკუმენტის ბათილად ცნობას ითხოვს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქვეყნებს.
· ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა;
· მიხეილ ჩინჩალაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;
· ლევან მურუსიძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
· სერგო მეთოფიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე.
ამ ოთხი მოსამართლიდან ორს – მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს – -მ სანქციები დაუწესა.
„აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს თავიანთი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, – ეწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადებაში, რომელიც 2023 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ევროკავშირისგან გაცემულ ცხრა პირობას, რომლებიც, მათ შორის, ითვალისწინებს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას, ამ ოთხიდან სამი მოსამართლე დაექვემდებარება ამ წესით შემოწმებას.
მოსამართლეთა დიდი ნაწილი და მმართველი პარტიაც ე.წ. ვეტინგის წინააღმდეგია. დამატებით, რამდენიმე დღის წინ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ აშშ-ს მიმართა, გაუუქმოს სანქციები მოსამართლეებს.

ასევე დაგაინტერესებთ