მოსამართლე ნატო ხუჯაძემ საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტი საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა. ამით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატრის შუამდგომლობა.
პროკურორი ამტკიცებდა, რომ აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობის) შესაცვლელად ახალი გარემოება არ არსებობდა. საბა სხვიტარიძის ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ საქმეს უკვე თან ერთვის ათობით მოწმის ჩვენება, რომელიც მათ წარადგინეს.
„იქ მყოფებს მოწმეები ახასიათებენ როგორც „ტიტუშკებს“, რომლებიც აყენებდნენ შეურაცხყოფას. თქვენ გინახავთ პოლიციელი რომელსაც ურტყამენ და ის არ ამბობს, პოლიციელი ვარ, მოვალეობას ვასრულებო?!“ – თქვა ადვოკატმა და დასძინა, რომ პროკურატურამ საქმეში არ ჩადო სრული ვიდეომასალა, რომელშიც გამოჩნდებოდა, როგორ ურტყამს ხელს პოლიციელი მირიან ქავთარაძე პოლიტიკოს თეონა ჭელიძეს.
ადვოკატები აღნიშნავდნენ, რომ დემონსტრაციაზე მყოფ პოლიციელებს არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, ეკეთათ ნიღბები და არ პასუხობდნენ კითხვას – ვინ იყვნენ, იყვნენ თუ არა პოლიციელები. მათივე თქმით, პროკურატურის მოწმე არასწორად უთითებდა შემთხვევის ადგილს – „ქორთიარდ მარიოტის“ ნაცვლად მისგან ათობით მეტრით დაშორებული „თბილისი მარიოტზე“ მიუთითეს:
„როგორ უნდა ვენდოთ მათ ჩვენებებს?“ – იკითხეს ადვოკატებმა და ამ გამომძიებლის ჩვენების დაუშვებლად ცნობა მოითხოვეს.
მოსამართლე ხუჯაძემ მხარეების შეგროვებული ყველა მტკიცებულება დასაშვებად, თუმცა სადავოდ ცნო. სხვიტარიძის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კი წინასასამართლო სხდომა წესრიგის დაცვის მოტივით დახურა და დამსწრეები დარბაზიდან გაუშვა.
საბა სხვიტარიძე ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციაში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლი სამართლის წესით დააკავა.
აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს გვიან ღამით რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო დააპატიმრეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება. პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო „მარიოტში“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად მის გარეთ შავებში ჩაცმული უცნობი პირების ჯგუფი შეიკრიბა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აღქმით, ისინი ე.წ, ტიტუშკები იყვნენ, რომლებიც ხელისუფლებამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ დარაზმა. სხვიტარიძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
25 დეკემბერს სხვიტარიძის ფეისბუკზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ის დეტალურად იხსენებს თავისი დაკავების დღეს, 4 დეკემბერს, და იმას, თუ როგორ იძალადეს მასზე დიღმის მთავარ სამმართველოში.
· „მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც არ ვიცი პერიოდულად გონებას ვკარგავდი. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდნენ ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი“.
· „მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ არაფერი მოგივა ეს ბიჭები თავისი საქმის „ექიმები“ არიანო, ამ ქალაქში ასე „პროფესიონალურად“ საქმეს არავინ ასრულებსო“.