4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მოქალაქეები – ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე, გიორგი მულაძე, მამუკა ლაბუჩიძე, ნანა სანდერი, ბექა ქელეხსაშვილი, გურიელ ქარდავა, აბო ნავერიანი, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ვახტანგ ფიცხელაური და ანტონ უპერი. ეს უკანასკნელი ძებნაშია, ამიტომ პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
საქმეზე ბრალდებულია მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. სხდომას არ ესწრებოდა ვახტანგ ფიცხელაური.
მათ სხვადასხვა ბრალი აქვთ წარდგენილი:
ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავას, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, თემურ ქურციკიძე, გიორგი მულაძეს, ვახტანგ ფიცხელაურს და ანტონ უპერს ბრალად ედებათ:
· ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
· სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად (19-222 მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით).
ავთანდილ სურმანიძეს ბრალი მხოლოდ ერთი მუხლით აქვს წარდგენილი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი); ერთი მუხლი აქვს წარდგენილი მარიამ მეყანწიშვილს – ჯგუფური მოქმედების ორგანიზება (226-ე მუხლი); რაც შეეხება ნანა სანდერს, პროკურატურა მას ორი მუხით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება (226-ე მუხლი) და მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ (317-ე მუხლი).
წარდგენილ ბრალს არცერთი მათგანი არ აღიარებს.
პროკურორების, თამარ იაკობიძისა და ლაშა ცქვიტაიას მოთხოვნა იყო ყველა ბრალდებულს შეუნარჩუნდეს აღკვეთის ღონისძიების ის ფორმა, რომელიც იქამდე ჰქონდა. დაცვის მხარის მოთხოვნა იყო, რომ დაკავებულები გათავისუფლებულიყვნენ სხვადასხვა სახის გირაოს სანაცვლოდ. მაგალითად, ავთანდილ სურმანიძის, მამუკა ლაბუჩიძის, გურიელ ქარდავასა და აბო ნავერიანის ადვოკატმა მოითხოვეს 5000-ლარიანი გირაო, თემურ ქურციკიძისა და გიორგი მულაძის ადვოკატებმა – 15 000-ლარიანი, ბექა ქელეხსაშვილის ადვოკატმა კი 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. ვახტანგ ფიცხელაურისა და ალექსანდრე ხაბეიშვილის ადვოკატებმა მოსამართლეს სთხოვეს, თავად განესაზღვრა გირაოს მინიმალური ოდენობა, ხოლო ანტონ უპერის ადვოკატმა ძებნილი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა. ყველა ადვოკატმა განაცხადა, რომ მზად არიან ნებისმიერ სხვა აღკვეთის ღონისძიების ფორმის მიღებაზეც, გარდა პატიმრობისა.
“ვაცნობიერებ, რომ გაუცნობიერებლად რაღაც ნაბიჯები გადავდგი, მაგრამ დავემორჩილე კანონიერ მოთხოვნას და მოვბრუნდი უკან. ჩემი გაქცევის და სხვაგან წასვლის არანაირი საფუძველი არაა და შეგიძლიათ მენდოთ ამაში”, – განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გურიელ ქარავამ.
ამავე თემაზე:
· მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 მოქალაქე პატიმრობაში დატოვა




