თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული რვავე დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე, რომელიც თითქმის 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილებოდა.
ბრალდებულებს შორის არიან:
· ირაკლი მიმინოშვილი;
· ვეფხია კასრაძე;
· ვალერი კაძელაშვილი;
· ინსაფ ალიევი;
· თორნიკე გოშაძე;
· ნიკოლოზ ჯავახიშვილი;
· გიორგი გორგაძე;
· ზვიად ცეცხლაძე.
მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა, “მიმალვისა და დანაშაულის ჩადენის მოტივით”.
პროკურორის თქმით, ბრალდებულები აქციაზე ქვებს, შუშის ბოთლებს და იქვე ნაპოვნ საგნებს ისროდნენ პოლიციის მიმართულებით.
ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა საქმის მასალებს დაურთო თავდებობის განცხადება, რომელიც საპროტესტო ბანერითაა გამოხატული. ბანერის ერთ მხარეს ეწერა – “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, მეორე მხარეს კი იმ მოქალაქეების ხელმოწერები იყო, რომლებიც მხარს უჭერენ ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტების გამოშვებას.
„ეს ადამიანები არიან გამომწყვდეულები გლდანის მერვე დაწესებულებაში, რომლებსაც წინ მთელი ცხოვრება აქვთ, ახლა უნდა ისწავლონ, განვითარდნენ, დაოჯახდნენ, ახლა უნდა გააკეთონ ის, რაც წლების შემდეგ დაგვიანებული იქნება.
30 ადამიანი თავდებში უდგება ნიკოლოზ ჯავახიშვილს, რომ ის გამოცხადდება სასამართლოზე. ამასთან მე მოვიტანე განცხადება ადამიანების ხელმოწერებით, რომლებიც მოითხოვენ ნიკოლოზ ჯავახიშვილს შეეცვალას პატიმრობა გირაოთი”, – თქვა ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა.
სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა ზვიად ცეცხლაძემ. მან პროკურორებს მიმართა, რომ თუკი ბრალდებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ, მათ არა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის, არამედ, ინდივიდუალურად უნდა ედავებოდნენ.
“ეს სასამართლოები პრეცედენტულია, რომელიც მომავალში იქცევა ქეისად და ეს იქნება სამაგალითო თაობისთვის, რომელსაც მე წარმოვადგენ და რომელსაც უნდა დაეყრდნონ ადვოკატები და პროკურორები.
მინდა ბრალდების მხარეს მივმართო კითხვის ფორმით – იყო ნახსენები, რომ არ არის აუცილებელი ერთმანეთს იცნობდნენ. მუხლი, რომელსაც მე მედავებიან, გულიხმობს ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას.
ჯგუფი მიუთითებს თავისი ვერბალური შინაარსით იმაზე, რომ არის რაღაც ცენტრალიზებული… თუ ერთმანეთს არ ვიცნობთ, აქ ჯგუფურად კი არა, ინდივიდუალურად უნდა გვედავებოდეთ. თუ საუბრობთ ჯგუფზე, ფსიქოლოგიური განზრახვა უნდა არსებობდეს, რომ ერთად რაიმე შედეგს მივაღწიოთ… არ შეიძლება ინდივიდუალიზმი გაიბლაროს და კოლექტიურად იყოს განხილული”, – თქვა ზვიად ცეცხლაძემ.
