მოსამართლე მანანა გერგაულმა ანტიკორუფციულს არ დაუკმაყოფილა ჩვენს ანგარიშებზე წვდომის მოთხოვნა – აქტივიტები

გორელი სამოქალაქო აქტივისტები, თეონა ფანქველიშვილი და თეონა ბზიშვილი აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათი ანგარიშების შესახებ ინფორმაციას ითხოვს. ამის შესახებ მათ დღეს, 2 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოსგან გაიგეს.
როგორც აღმოჩნდა, ანტიკორუფციულმა ბიურომ აქტივისტების ანგარიშების მოთხოვნით თავდაპირველად გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა. თუმცა, მოსამართლე მანანა (ნინო) გერგაულმა უწყების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
როგორც ფანქველიშვილის და ბზიშვილის ადვოკატი, ალექსი მერებიშვილი განმარტავს, ბიურომ აქტივისტები მოიხსენია, როგორც “გაცხადებული პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტები”. ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლე გერგაულმა გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ადამიანის გაცხადებული პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტად შეფასებისთვის საჭიროა დადასტურდეს ორი ფაქტი:
· მას ჰქონდეს გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები, რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
· საჯაროდ ჰქონდეს გამოხატული, ს გზით, ამა თუ იმ თანამდებობაზე არჩევის სურვილი.
ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლე გერგაული გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ანტიკორუფციულმა კონკრეტული აქტივისტების შემთხვევაში ეს ვერ დაადასტურა.
“გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს და შესაბამისად, ბატონი რაჟდენის ბიურო ამას ვერ წარადგენდა სასამართლოში, შესაბამისად, სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და უარი უთხრა იმ უსაფუძვლო მოთხოვნებზე, რომლებიც წარადგინა სასამართლოში [ანტიკორუფციულმ ბიურომ]. მოთხოვნები, სამწუხაროდ, არის საშიში, იმდენად, რამდენადაც ბიურო ითხოვს სრულ წვდომას საბანკო ანგარიშებზე – ყველა ტრანზაქციაზე, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს დაუსაბუთებელია, გამომდინარე იქიდან, რომ არ შეიძლება ბიუროს წვდომა მიენიჭოს ისეთ ფინანსურ ინფორმაციაზე, რომელიც უფლების ფარგლებს სცდება – მას უნდა ჰქონდეს დაკონკრეტებული, რა ტრანზაქციები აინტერესებს და რომელი ტრანზაქციები მიიჩნია საეჭვოდ. თუმცა, რაც ყველაზე საშიშია – ბიურო ფიქრობს, რომ მას შეუძლია ნებისმიერი მოქალაქის ინფორმაცია გამოითხოვოს ამ საფუძვლით. სამწუხაროდ, თუ რომელიმე სასამართლოში არ შეხვდება ისეთი კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლე, როგორიც ქალბატონი ნინო გერგაული არის, დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას და ბიუროს წვდომა ექნება ჩვენს საბანკო ანგარიშებზე შეუზღუდავად”, – აცხადებს ალექს მერებაშვილი.
აქტივისტების ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო მათგან ინფორმაციას ითხოვს იმის საფუძველზე, რომ მოიაზრებს მოძრაობების “ერთობისა” და “ფარის” წევრად. თუმცა, როგორც ფანქველიშვილი, ისე ბზიშვილი აცხადებენ, რომ ისინი ამ მოძრაობების წევრები არ არიან.
“მე გეტყვით, რომ “ფარის” და “ერთობის” წევრი არ ვარ. არც თეო ბზიშვილი არ არის. არცერთი არ წარმოვადგენთ ამ ორგანიზაციებს. მეტიც, არასდროს არ მიგვიღია არანაირი სარგებელი. ამ საჩივარში წერია, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური მიზნები გვაქვს ხელისუფლებაში მოსვლის. არცერთი ჩემი სტატუსი თუ საჯარო გამოსვლა მსგავსი შინაარსის არ ყოფილა”, – განაცხადა თეონა ფანქველიშვილმა. “მადლობა ქალბატონ ნინოს, რომელმაც არ დაუკმაყოფილა მოთხოვნა [ანტიკორუფციულ ბიუროს]. თუმცა, უფრო გავუმარტივებდი საქმეს რაჟდენს [კუპრაშვილს], მე არაერთხელ გამომიხატავს მზაობა – “ქოცებთან” ერთად, ყველამ გავასაჯაროოთ შემოსავლები და რა გადარიცხვები მაქვს. ამაში ვარ სრულიად ღია”, – ამბობს თეონა ბზიშვილი.
ამავე სარჩელით ანტიკორუფციული მოითხოვს კიდევ ერთი აქტივისტის, ლუკა ხიზაძის ანგარიშებზე წვდომასაც. თუმცა, მან ამის შესახებ ინფორმაცია სწორედ ფანქველიშვილისა და ბზიშვილისგან გაიგო. “ნეტგაზეთთან” საუბრისას ხიზაძე ამბობს, რომ ელოდება ზარს ან ოფიციალურ მიმართვას, რათა მეტი დეტალი გაიგოს საქმის შესახებ. ფანქველიშვილის და ბზიშვილისგან განსხვავებით, ის თავს მოიაზრებს “ერთობის” წევრად.
როგორც ხიზაძე განმარტავს, “ერთობა” არის რამდენიმე საპროტესტო მოძრაობის გაერთიანება და ის ამ როგორც სტუდენტი, ისე ჩაერთო. რაც შეეხება “ფარს”, მოძრაობის ფეისბუქ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ მისი “მიზანია საქართველოში დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა და ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც თითოეული მოქალაქის ფარი იქნება”. ხიზაძის განმარტებით “ფარი” “ერთობაში” შემავალი ერთ-ერთი მოძრაობაა. თუმცა, არცერთი მათგანი არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული. შესაბამისად, მათ არ აქვთ ოფიციალური წესდება და არც მათი წევრების ვინაობაა ოფიციალურად დადასტურებული.
გუშინ, 1-ელ ოქტომბერს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ანგარიშების მოთხოვნაზე ინფორმაცია კიდევ ერთმა აქტივისტმა, თიკა პატარაიამ გაავრცელა. პატარაიაც, ფანქველიშვილისა და ბზიშვილის მსგავსად, წერს, რომ დამოუკიდებელი აქტივისტია და არ არის “ერთობისა” და “ფარის” წევრი.