მოსამართლე კალიჩენკომ 18 წლის საბა ჯიქია პატიმრობაში დატოვა

პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლისთვის წიხლის ჩარტყმას ედავებიან, პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ კვლავ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოსამართლე კალიჩენკო დაეთანხმა პროკურორ თამარ იაკობიძის დასაბუთებას, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებებზე ზემოქმედებისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
„ყველა საფრთხე კვლავ სახეზეა, ბრალდების მხარის პოზიციაა, პატიმრობა ძალაში დატოვოს”, – თქვა პროკურორმა იაკობიძემ.
საბა ჯიქიას ადვოკატმა ბრალდებულის გათავისუფლება მოითხოვა და ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოც შესთავაზა. პოზიციის დასაბუთებისას მან გამოიყენა ტერმინი „დაუსაბუთებელი პატიმრობა“.
„ყველა გამოკითხული ან გამომძიებელია, ან ექსპერტი, სხვა ნეიტრალური მოწმე საქმეში არ არსებობს. საბა ჯიქიას არ აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე. სულ პატიმრობაში ხომ არ იქნება?!
მიმაჩნია, რომ არ არის საფრთხე იმ დოზით, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული“, – თქვა ადვოკატმა.
საბა ჯიქია თავს დამნაშავედ არ ცნობს. შესაბამისად, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 18 წლის საბა ჯიქიას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება ახსნა დანაშაულის სიმძიმის დასაბუთებით და ახსენა დანა, რომელიც, სავარაუდოდ, ბრალდებულს ხელში ეკავა.
სავარაუდოდ, დანა, უფრო ზუსტად – პრიალა საგანი, არცერთ მხარეს არ უხსენებია, თუმცა მან თქვა, რომ „დანასთან დაკავშირებული გარემოება უნდა შეფასდეს რისკებით!“
18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავება. ჯიქია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საბა ჯიქია ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.
ფორუმი