მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 10 პირი პატიმრობაში დატოვა.
საქმეში ბრალდებულნი არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ლაშა ბერიძე, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია.
ბრალდების მიხედვით, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ედებათ ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი — სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; 225-ე მუხლის პირველი ნაწილი — ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა; და 317-ე მუხლი — მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ. აღნიშნული მუხლები 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალად ედება იგივე 19-222-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 225-ე მუხლის პირველი ნაწილი, ხოლო პაატა მანჯგალაძეს — მხოლოდ 225-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება). ორივე შემთხვევაში სასჯელი 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.




