თბილისის საქალაქო სასამართლომ პროევროპული აქციების ფარგლებში, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება ახალბედა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა, რომელიც სამოსამართლეო საქმიანობას ორი თვეა რაც შეუდგა, აქციის მონაწილეების საქმე კი გუშინ დაეწერა. მიუხედავად ამისა, შვანგირაძე ირწმუნებოდა, რომ 13-ტომიანი საქმის გაცნობა მოასწრო.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე.
როგორც ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, აღკვეთის ღონისძიების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გამოვლენილა, ხოლო განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაღალი საფრთხის გამო, წინასწარი პატიმრობის გარდა სხვა ზომის გამოყენება მიზანშეწონილი არაა.
პროევროპული აქციების 11 მონაწილეს — ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, რევაზ კიკნაძეს, ჯანო არჩაიას, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რუსლან სივაკოვსა და სერგი კუხარჩუკს ბრალდება წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში, ამ შემთხვევაში, პოლიციელებზე თავდასხმაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
