სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა , – ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების დროს განაცხადა.
მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.
“ამომრჩეველმა გარანტირებულად უნდა იცოდეს, ყოველგვარი საფრთხის შეფასებების და ყოველგვარი სხვა მანიპულაციების გარეშე, რომ მისი არჩევანი იქნება თავისუფალი, ფარული და მას თავისუფალი ნების გამოხატვა მოუწევს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ფარულობასთან დაკავშირებით, სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სასამართლოს დარბაზში ჩატარებული მტკიცებულებებით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ხმის დამთვლელი აპარატით, ამ ჩარჩო კონვერტით ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა.
აქვე მინდა აღვნიშნო, ყველა მხარის საყურადღებოდ, მით უფრო პოლიტიკური სუბიექტების საყურადღებოდ, რომ სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა, რომ მთელი რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მთელი რიგი პოლიტიკური სუბიექტები არ ემსახურებიან იმ მიზანს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის ნების აღსრულება. მხარემ, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელიც დღეს არ ესწრება სასამართლო სხდომას, წარმოაჩინა, რომ მან თავი შეიკავა გარკვეული მტკიცებულებების წარმოდგენისაგან, საპროცესო კანონით დადგენილი წესით. ასევე, გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სასამართლოს შესაბამისი პატივისცემა საჯარო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრება არცერთი მესამე პირი, რომელიც ჩართული იყო საოლქო კომისიებში. როგორც მხარემ აღნიშნა, თურმე, უფრო მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ განსახილველი ამ საუბნო კომისიის წევრებს, რაც სასამართლოსთვის ყოვლად მიუღებელია.
ასევე, მინდა აღვნიშნო, პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, აქაც შენიშნა სასამართლომ, რომ ძალიან ბევრი არ იყო გულწრფელი და ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებდნენ საარჩევნო პროცესის არასწორად წარმართვისთვის, როცა სხვა მასალები სხვანაირ ინტერპრეტაციას იძლევა.
შესაბამისად, ყოველივე ამის გათვალისწინებით, სასამართლოს აქვს საკუთარი რწმენა და წარმოდგენა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და მინდა ვუსურვო ყველას, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოხერხდეს, ყველა ჩვენგანმა მოვახერხოთ, რომ მოხდეს საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და ყოველგვარი უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული. არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ გამორიცხული”, – განაცხადა მოსამართლე ხუჭუამ.
ამასთან, მოსამართლემ განმარტა, რომ სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გამოითხოვა მტკიცებულებები და მხარეებს აღნიშნულზე არ დაუყენებიათ შუამდგომლობა.
“აქვე, მინდა, ერთი განმარტება გავაკეთო, რომ არ წარმოდგენილა სასამართლოში სათანადო მტკიცებულებები. სასამართლომ თავისი ინიციატივით გამოითხოვა ყველა მტკიცებულება, მე ჩავთვალე საჭიროდ და იმიტომ. არც ერთ მხარეს ამასთან დაკავშირებით რაიმე შუამდგომლობა ან რაიმე პოზიცია არ წარმოუდგენია.
ასევე, პროცესზე რაც ყველაზე მეტად თვალში საცემად გამოიკვეთა, ის გარემოებაა, რომ საარჩევნო პროცესში და ზოგადად, კანონმდებლობაშიც შეიძლება არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც უფრო მეტ დახვეწას მოითხოვს. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ყველაფერი იყოს აღმოფხვრილი. ეს განსაკუთრებით შეხება საქმეში არსებულ წერილობით მიმოწერას, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია პირდაპირ წერილობით პირობას დებს, რომ საარჩევნო პროცესში სხვაგვარი საარჩევნო ბიულეტენები იქნება. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს – ეს არის ჩვენი საარჩევნო უფლება, ეს არის ჩვენი მომავლის გადაწყვეტა და, აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არსებობდა, როგორც ფაქტობრივი საფუძველი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმები არ იძლეოდა ანონიმურობის გამორიცხვის შესაძლებლობას, და ასევე არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საარჩევნო კანონმდებლობა ცალსახად აძლევს საქართველოს მოქალაქეს გარანტიას, რომ მისი საარჩევნო უფლება იქნება დაცული და მისი არჩევნების ნების გამოხატვის ფარულობა იქნება გარანტირებული. არავის აქვს ამის ხელყოფის უფლება, არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ.