მოსამართლე ბუგიანიშვილმა პატიმრობაში დატოვა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 დემონსტრანტი

კოლეგა ნატო ხუჟაძის მსგავსად, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა პატიმრობაში დატოვა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ყველა ის პირი, ვის საქმესაც ის განიხილავდა. ასეთი სულ 14 ადამიანია.
საქმეზე ბრალდებულები არიან: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე.
· მოსამართლეს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ესაუბრა ბრალდებული გიორგი რურუა: „ამას წინათ შემოსულიყო იყო ციხეში ექიმი, მან მითხრა ასეთი რამ, როცა გაეცნო შედეგებს – ახლოს ხარ თირკმელების დაკარგვასთანო, მაქვს კენჭებიც…“
· რამაზ მუმლაძე, რომელიც 14 წელი სკოლის დირექტორად მუშაობდა, ამბობდა, რომ სხვა ბრალდებულები დაკავების შემდეგ გაიცნო, მისთვის მიუღებელი იყო ბრალდების შინაარსი, მათ შორის ჯგუფური კვალიფიკაციის ნაწილში: „სახელმწიფო ქონება დავაზიანე? ვინმეს ფიზიკურად შევეხე? სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე?“
· ვლადიმერ გველესიანმა დედა და შვილებს ბოდიში მოუხადა და მადლობა გადაუხადა მშობელს „ასეთად რომ გაზარდა“;
· სასამართლოს მიმართ უნდობლობა გამოხატა ალექსანდრე ჩულაჩავამ: „პირველად ვარ სასამართლოზე, პირველი სასამართლო ბუტაფორიული იყო და არამგონია, რომ ეს იყოს განსხვავებული“;
· „ბათუმელი მედროშის“ ზურაბ ჭავჭანიძის მიმართვას დარბაზში დამსწრე აუდიტორია ტაშის დაკვრით შეხვდა: „ფაქტობრივად სიყვარულს და პატიოსნებას აპატიმრებთ. მე სხვანაირად არ შემიძლია!“
ამ გადაწყვეტილებით მან სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ასე მოიქცა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლე ნატო ხუჯაძე.
ამავე საქმეზე:
· დღეს, 27 ნოემბერს ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა 13 ბრალდებული;
· გუშინ, 26 ნოემბერს, პატიმრობაში დატოვეს 10 პირი, მათ შორის 4 ოქტომბრის „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები.
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების “მშვიდობიანი დამხობის” მოწოდებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა მცირე ჯგუფის მცდელობა, “გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები”, სასახლის “ჯებირების” გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი, პროკურატურამ კი ბრალი წაუყენა 64 ადამიანს. საქმეები ხუთ ჯგუფადაა დაყოფილი.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დაიწყო: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების, ნივთის დაზიანების ან განადგურების, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის მუხლებით.