მოსამართლე ეკა არეშიძე, რომელიც განიხილა ხორავას ქუჩაზე ორი ბავშვის მოკვლის საქმე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ განცხადებას პასუხობს. მისი ფეისბუკსტატუსის დიდი ნაწილი ეთმობა საქართველოს კონსტიტუციის იმ ჩანაწერების ციტირებას, რომელიც მოსამართლეს საქმიანობაში სრულ დამოუკიდებლობას ანიჭებს.
„თავის მართლება იმ აბსურდულ ბრალდებებზე, რაც აღნიშულ განცხადებაში გაჟღერდა უბრალოდ დამამცირებელი და ღირსების შემლახავია… ორი უდანაშაულო არასრულწლოვნის მკვლელობის თემით სპეკულირება, ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერ დროს, უზნეობაა!“ – წერს მოსამართლე „ფეისბუკში“ და ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.
გუშინ, 20 აგვისტოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაასახელა ოთხი მიზეზი, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება უნდა. პირველ მიზეზად დასახელებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება“. სწორედ ამ ნაწილში გაიხსენა პარტიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობა, ის ხელისუფლების გადატრიალების მცდელობას დაუკავშირა და მოსამართლე არეშიძის მიღებულ გადაწყვეტილებას „საეჭვო განაჩენი“ უწოდა: „მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია“.
2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში, 51-ე სკოლიდან გამოსული ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი თანატოლებმა მოკლეს. 2018 წლის 31 მაისს მოსამართლე არეშიძემ ამ საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, რომლითაც ირკვეოდა, რომ გამოძიებას დათუნა სარალიძის მკვლელი დაკავებული არ ჰყავდა.
ამ განაჩენამდეც დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამბობდა, რომ მისი შვილის მკვლელები დაკავებულები არ იყვნენ. სასამრთლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ კი მის მხარდასაჭერად თბილისში ხალხმრავალი აქციები იმართებოდა. მისი მოთხოვნა იყო, თანამდებობა დაეტოვებინა ირაკლი შოთაძეს, რაც სასამართლო განაჩენის გამოცხადების დღეს დაკმაყოფილდა.
დათუნა სარალიძის მკვლელი გიორგი მენამდე წლების შემდეგ 2021 წლის აპრილში დააკავეს. მას სასამართლომ 10,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2022 წლის იანვარში.
მასალა განახლდება.
