ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დროებით აღადგინოს USAID-ის მიერ უცხოური დახმარების პროგრამების დაფინანსება და ჩაატაროს თითოეული პროგრამის დეტალური განხილვა საბოლო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ვაშინგტონის სასამართლომ განიხილა ჯანდაცვის ორი ორგანიზაციის — შიდსის ვაქცინის კოალიციისა და ჯანმრთელობის გლობალური საბჭოს სარჩელი.
თავის განჩინებაში მოსამართლე ამირ ალიმ აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ დაუსაბუთებია, რატომ გახდა საჭირო უცხოური დახმარების აბსოლუტური შეჩერება, რამაც გამოიწვია შოკი და შეაჩერა ათასობით შეთანხმება ბიზნესთან, არასამთავრობო და სხვადასხვა ორგანიზაციებთან მსოფლიოს მასშტაბით.
დაფინანსების დროებითი აღდგენის ბრძანება ეხება კონტრაქტებს, რომლებიც 20 იანვრამდე მოქმედებდა.
გლობალურმა ჯანდაცვის საბჭომ, რომელიც საქმეში ერთ-ერთი მოსარჩელე იყო, განაცხადა, რომ „ეს გადაწყვეტილება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამების აღდგენისკენ… ის უხსნის გზას ორგანიზაციებს, განაახლონ სიცოცხლის გადარჩენა, აჩვენონ საუკეთესო ამერიკული ღირებულებები: თანაგრძნობა, ლიდერობა და გლობალური ჯანმრთელობის, სტაბილურობისა და საერთო კეთილდღეობისადმი ერთგულება”.
გუშინვე სხვა მოსამართლემ, კარლ ნიკოლსმა 21 თებერვლამდე გაახანგრძლივა USAID-ის თანამშრომლების შვებულებაში გაყვანის თაობაზე პაუზა, რითაც შეაჩერა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ თანამშრომლების წინააღმდეგ შემდგომი ზომების მიღება, თუმცა თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო კვირის ბოლომდე მიიღებს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამა 90 დღით ჩერდება. მთლიანი საგარეო დახმარება, რომლის ნაწილიც USAID-ია, ფედერალური ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. USAID დაახლოებით 120 ქვეყანაში ახორციელებს ჰუმანიტარულ, განვითარებისა და უსაფრთხოების პროგრამებს.
