ომბუდსმენ ლევან იოსელიანის მზაობის მიუხედავად, მოსამართლემ 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, პაატა მანჯგალაძის თხოვნა ომბუდსმენის გამოკითხვის შესახებ, არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, დასაკითხ პირთა სიაში შეეყვანათ ომბუდსმენი ლევან იოსელიანი; ამასთან, მან არც „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„მოწმის გამოკითხვის საფუძველია მისი დაკითხვის ოქმი, სასამართლოს ასეთი არაფერი გადასცემია… არ არსებობს ლევან იოსელიანის და ირაკლი კობახიძის დაკითხვის საფუძველი, დაცვის მხარეს ლევან იოსელიანი დაკითხულიც კი არ ჰყავს“, – თქვა მოსამართლემ.
მანამდე პაატა მანჯგალაძე ამბობდა, რომ სურს საქმეში დაიკითხოს სახალხო დამცველი, – რომელმაც სატელევიზიო ეთერში თავად გამოხატა სურვილი, იყოს მოწმე ამ საქმეზე.
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ მზად არის, გამოძიებას მისცეს ჩვენება და დაადასტუროს, რომ 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი პაატა მანჯგალაძე იმ საღამოს განვითარებულ მოვლენებს არ ეთანხმებოდა.
მისივე თქმით, ამაზე მანჯგალაძესთან არ ჰქონია კომუნიკაცია, თუმცა თავს ვალდებულად თვლიდა, „რადგან ადამიანს ასეთი მძიმე ბრალი აქვს წაყენებული“, ეს საჯაროდ ეთქვა, – „თუ ეს რამეში დაეხმარება, მის ბრალს შეამსუბუქებს ან შეიძლება წინაპირობა გახდეს მისთვის გათავისუფლების“, მზად იყო, სასამართლოში ესაუბრა.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის დაკითხვის შუამდგომლობას – ამას ადვოკატი ბექა ბასილაია ითხოვდა. ამას პროკურატურა შეეწინააღმდეგა. პროკურორმა განაცხადა, რომ „დაცვის მხარე კობახიძის დაკითხვას მხოლოდ პოლიტიკური განცხადების გამო ითხოვს” და ამიტომ ეს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
· 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციაზე მისვლისკენ საზოგადოებას ჯერ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე და ერთ-ერთი მოქმედი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებდა, – თუმცა ის 11 სექტემბერს დააკავეს;
· ამის შემდეგ აქციას ორგანიზებას უწევდა 4 ოქტომბრის აქციის „საორგანიზაციო კომიტეტი“.
· 4 ოქტომბრის ღამესვე დააკავეს აქციის “საორგანიზაციო კომიტეტის” ხუთივე წევრი: პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე.
· დღეს მათ მიმართ, – ასევე დამატებით ხუთი ადამიანის მიმართ, – “წინასწარი პატიმრობა” ძალაში დატოვეს.




