“მოსამართლემ რამდენიმე საათში გადაწყვიტა ეს ამბავი” – წიქარიშვილი ჰყვება, რით ასაბუთებენ მისი საბჭოში დანიშვნის შეჩერებას

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი, კახა წიქარიშვილი ეხმაურება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად მისი დანიშვნის განკარგულების შეჩერებაზე.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში კახა წიქარიშვილი სარჩელის შინაარსზე საუბრობს და ჩამოთვლის, თუ რით ასაბუთებს მოსარჩელე მანუჩარ კაკოჩაშვილი საკუთარ პოზიციას:
· “ასაბუთებს იმით, რომ კომისიის ორ წევრს ჰქონდა აცილების საფუძველი. ერთი იყო ბესო ლოლაძე, რომელიც დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრია, რომლის წევრი მეც ვარ. ესაა 20-კაციანი ჯგუფი, რომელიც პერიოდულად აკეთებს განცხადებებს სასამართლო სისტემაზე;
· ასევე, ნონა ქურდოვანიძეს ჰქონდა [ჩემი] აცილების საფუძველი იმიტომ, რომ საიამ წარმადგინა არამოსამართლე წევრის პოზიციაზე 2018 წელს, ნონა ქურდოვანიძე კი არის საიას თავმჯდომარე;
· მესამე უწერია ის, რომ მე არ დამისვეს შეკითხვები კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და სხვა კანდიდატებს დაუსვეს”, – ამბობს წიქარიშვილი.
მისივე თქმით, კანდიდატების შესარჩევად, სპეციალურად შექმნილ კომისიის სხდომაზე გაკეთდა განმარეტებები, რომ დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრობა არ ნიშნავს ადამიანების ისეთ მჭიდრო ურთიერთობას, რომ ეს გახდეს აცილების საფუძველი:
“ჩვენ ყველა ვართ რაღაც გაერთიანების წევრი და პერიოდულად ერთ განცხადებებსაც ვაკეთებთ ხოლმე”.
რაც შეეხება ნონა ქუდოვანიძის მხრიდან აცილებას, წიქარიშვილის თქმით, როდესაც იგი საიამ წარმადგინა კანდიდატად, იმ დროს, ქურდოვანიძე ორგანიზაციის თავმჯდომარე არ იყო:
“ესეც ძალიან შორეული კავშირია და არ მეტყველებს იმ დონის მიკერძოებაზე, რომ აცილების საფუძველი გახდეს”.
წიქარიშვილის განცხადებით, ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ მოსამართლემ რამდენიმე საათში მიიღო საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების გადაწყვეტილება. “ეს არ არის ჩვეულებრივი რაღაც, რაც ხდება”, – აღნიშნავს წიქარიშვილი და საუბრობს სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემაზე.
“მთავარი მაინც ის არის, რომ მოსამართლემ რამდენიმე საათში გადაწყვიტა ეს ამბავი. სასამართლოში ასე არ ხდება, მთელი დღეები, თვეები და წლები იხილება საქმეები. მოსამართლეები 2-3 დღე საქმეებამდე მისვლასაც ვერ ახერხებენ, ისითი დატვირთულები არიან. ამ შემთხვევაში, სასამართლოს 5-დღიანი, შემჭიდროვებული ვადა ჰქონდაო, მაგრამ როგორც კი საქმე შევიდა, მაშინვე მოსამართლის ხელებში მოხვდა და რამდენიმე საათში გადაწყვეტილება მიიღო”, – ამბობს ის, და ვარაუდობს, რომ ამ საქმის სამართლებრივი პერპექტივა “ჩიხურია”.
მისი თქმით, მოსამართლეს შეუძლია, ეს საქმე 2 წელი მაინც გააჭიანუროს, რადგან ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის საშუალო ვადა 400 დღეა.
“შეიძლება, დააჩქარონ კიდეც, სასამართლოში კლანია და შეუძლიათ, ყველა საქმეში ჩაერიონ. შეიძლება, ეს საქმეც ამის მაგალითია”, – აცხადებს კახა წიქარიშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება. მას საფუძვლად დაედო კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის, მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება.
ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება 15 ივლისს გამოსცა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას, უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ამოეწურა. კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობდნენ:
· გიორგი ბურჯანაძე – სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე;
· დიმიტრი გაბუნია – პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი;
· მანუჩარ კაკოჩაშვილი – ადვოკატი;
· კახა წიქარიშვილი – დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი;
· თამარ ალფაიძე – სეუს პროფესორი.
სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ამ ხუთი კანდიდატიდან რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი მათ შორის წიქარიშვილი გამოარჩია.