მოსამართლემ პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

დღეს, 14 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პოეტ ზვიად რატიანისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და გირაოს შეფარდების შესახებ. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ის პატიმრობაში დატოვა.
თ დაწყებული, ეს იყო სილა ყველასთვის“, – განაცხადა რატიანმა სასამართლო სხდომაზე.
· პროკურორის პოზიციით, არ არსებობს რატიანის გათავისუფლების საფუძველი და მიაჩნია, რომ ის პატიმრობაში უნდა დარჩეს.
· ადვოკატებმა თქვეს, რომ არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
· მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა.
რატიანის ადვოკატები, – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტები, – მიიჩნევდნენ, რომ ზვიად რატიანის დაპატიმრება აღკვეთის ღონისძიების „სადამსჯელო ფორმით გამოყენების“ მკაფიო მაგალითია.
მათი პოზიციით, „გირაოს გამოყენება სრულად უზრუნველყოფდა ბრალდებულის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას“.
თავად ზვიად რატიანმა განაცხადა: „ვეთანხმები ადვოკატებს. არა მგონია, ბევრი ახსნა სჭირდებოდეს, რა და რატომ გავაკეთე და სათქმელს უფრო ვრცლად დასკვნითი სიტყვისთვის შემოვინახავ“.
„ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო სიმბოლური საქციელი, ყველაზე განზოგადებული, რაც ყველა პოლიციელმა უნდა მიიღოს თავის თავზე, ვინც ამ უსამართლობასა და ქვეყნის ღალატშია ჩართული. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს იყო სილა ყველასთვის“, – თქვა მან.
ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ზვიად რატიანი „არაერთხელ გამხდარა პოლიციელის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი“.
„ეს საქმე გამოძიებულიც კი არ არის. ჩვენ წარმოვადგინეთ მისი დახასიათებები, სადაც იკითხება, რომ შეუძლებელია ზვიად რატიანმა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. შეუძლებელია ზვიად რატიანმა რაიმე ტიპით მოახდინოს ზეწოლა მოწმეებზე. მიგვაჩნია, რომ პატიმრობის განგრძობითად გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს“, – თქვა მან.
ზვიად რატიანი 23 ივნისს თბილისში, პარლამენტთან, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. იმავე დღეს გავრცელდა ვიდეოკადრებიც. ერთ-ერთი პოლიციელის თქმით, ზვიადი „სამართალდამცავთან მივიდა და მას ხელი დაარტყა“.
პროკურატურა აცხადებს, რომ ზვიად რატიანმა „ხელი გაარტყა დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს“.
ზვიად რატიანს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.