მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა არაერთგზის შეაწყვეტინა სიტყვა სინდისის პატიმარს, პროევროპულ აქციებზე დაკავებულ ვეფხია კასრაძეს.
კასრაძე ცდილობდა მიემართა ბიძინა ივანიშვილისა და პროკურატურისთვის და აკრიტიკებდა გადაწყვეტილებას ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დაკავებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, არანაირი აუცილებლობა არ არის, რომ ბრალდებულები ციხეებში დარჩნენ და მათი ოჯახის წევრები ამის გამო გამწარებულები იყვნენ. კასრაძის თქმით, ყველა ბრალდებული სასამართლოში სახლიდანაც გამოცხადდება ჩვენებას მისცემს.
მან ასევე მიმართა ილია მეორეს და სთხოვა, საპატრიარქოს წარმომადგენელიც დაესწროს ხოლმე სინდისის პატიმრების სასამართლოს.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა არაერთგზის შეაწყვეტინა მას სიტყვა. პირველად ეს მაშინ გააკეთა, როდესაც პატიმარმა ბიძინა ივანიშვილი ახსენა. მოსამართლე კასრაძეს მოუწოდებდა მხოლოდ აღმკვეთთან დაკავშირებით ესაუბრა. “ჩემი დამოკიდებულება მათქმევინეთ”, – ამბობდა კასრაძე.
მოსამართლე თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ინსაფ ალიევის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გორგაძის დ ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ე.წ. სასამართლოს კლანთანაა დაკავშირებული.
მათივე ინფორმაციით, ის “კლანის” ერთ-ერთ ლიდერად მოაზრებული, არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძის პარტნიორის, ლელა ჭანიას ახლო მეგობარია (“სტუდია მონიტორის” გამოძიების მიხედვით, ჭანია და მურუსიძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში არიან). თავად მჭედლიშვილი ლიეტუვის მიერაა სანქცირებული. მურუსიძე და კლანის სხვა წევრებად მოაზრებული მოსამართლეები უარყოფენ სასამართლოში არაფორმალური გავლენის არსებობას.
