მოსამართლემ მზია ამაღლობელის საქმეზე კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის საქმეზე რეჟიმის პრემიერის ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ სხდომაზე თქვა, რომ “სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს”.
ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა მზია ამაღლობელის ადვოკაებმა წინა სასამართლო სხდომაზე დააყენეს, რომელიც 28 აპრილს გაიმართა.
საუბარია ირაკლი კობახიძის მიერ რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, როდესაც მან თქვა:
“უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა”.