მოსამართლე დავით აკობიძემ შეწყვიტა განხილვა საქმეზე, რომელიც მზია ამაღლობელის სარჩელს ეხებოდა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. სარჩელით ამაღლობელი პოლიტიკოსისგან მის შესახებ გაკეთებული განცხადებების საჯაროდ უარყოფას ითხოვდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ადგილზე თათბირით მიიღო. მისი თქმით, “პოლიტიკური დებატების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებზე მსგავსი სარჩელი არ დაიშვება.”
სასამართლოში სხდომას მოსარჩელე მხარე არ დასწრებია და ინტერესებს უფლებადამცველი იცავდა. არ გამოცხადდა მოპასუხე მხარეც: არც ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი.
სარჩელი ორ განცხადებას ეხებოდა: 2025 წლის 10 ივლისს „იმედის“ ეთერში და 23 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში გაკეთებულ კომენტარებს. ორივე შემთხვევაში კობახიძე ამტკიცებდა, რომ ამაღლობელის მიერ ბათუმის პოლიციის მაშინდელ უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილის გარტყმა თითქოსდა „უცხო ძალების მიერ იყო დაგეგმილი“ და მიზნად პოლიციის დისკრედიტაციას ისახავდა.
ამაღლობელი ითხოვდა, რომ კობახიძემ ეს ბრალდებები იმავე ტელეეთერებში, იმავე სერთერო დროს საჯაროდ უარყოს.




