აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მილარდერ მოკავშირეს, ილონ მასკს პირველი მნიშვნელოვანი დაბრკოლება შეუქმნა მათ ძალისხმევაში დაიშალოს და შეიცვალოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) – მოსამართლემ დროებით შეაჩერა გეგმა, რომლითაც სააგენტოს ათასობით თანამშრომელს სამსახურში სიარული აღუკვეთეს. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო ასოშიეიტედ პრესი (AP).
მოსამართლე კარლ ნიკოლსი – რომელიც ტრამპის დანიშნულია – ასევე დათანხმდა დაიბლოკოს ადმინისტრაციის ბრძანება, რომლითაც სხვა ქვეყნებში მომუშავე USAID-ის ათასობით თანამშრომელს მუშაობა სწრაფად უნდა შეეწყვიტა და ოჯახებთან ერთად მხოლოდ 30 დღის ვადაში უნდა დაბრუნებულიყო აშშ-ში, მთავრობის ხარჯით.
მოსამართლის თქმით, ეს ორივე ზომა აშშ-ის სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მეუღლეებსა და შვილებს არამართებულ საფრთხეს და ხარჯებს შეუქმნიდა.
ნიკოლსმა ილაპარაკა უცხოეთში მცხოვრებ პირებზე, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაციამ, სააგენტოს და მისი პროგრამების სწრაფად დახურვის ძალისხმევის გატარებისას, შეუწყვიტა წვდომა სამთავრობო ელექტრონულ ფოსტაზე და სხვა საკომუნიკაციო სისტემებზე. ეს საკომუნიკაციო გზები სააგენტოს თანამშრომლებს ესაჭიროებოდათ ჯანმრთელობის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით საგანგაშო ვითარებაში აშშ-ის ხელისუფლებასთან დასაკავშირებლად.
ასოშიეიტედ პრესი მანამდე იუწყებოდა, რომ ახლო აღმოსავლეთსა და სხვა ქვეყნებში USAID-ის თანამშრომლებს ტელეფონებიდან წაეშალათ, ან უმოქმედოდ დარჩათ “განგაშის ღილაკის” აპლიკაციებიც.
ნიკოლსის თქმით, USAID-ის თანამშრომლებისთვის 30-დღიანი ვადის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებაში მას დაეხმარა საკუთრივ თანამშრომლების ცნობები, რომ ზოგ მათგანს აშშ-ში აღარ აქვს სახლი მას მერე, რაც ათწლეულებია უცხოეთში ცხოვრობს, რომ სასწავლო წლის შუა პერიოდში მათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილების სკოლებიდან გამოყვანა მოუწევთ, და სხვა სირთულეების შესახებ.
მოსამართლემ ასევე თქვა, რომ USAID-ის თანამშრომლები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სამსახურებში აღარ დადიან, უნდა დაბრუნდნენ.
თუმცა ნიკოლსმა არ მიიღო ფედერალური თანამშრომლების ორი ასოციაციის თხოვნა დროებით დაბლოკილიყო ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან დაფინანსების შეჩერება, რის გამოც ექვსი ათწლეულის განმავლობაში მოქმედი სააგენტო ვეღარ მუშაობს. ამ სარჩელზე კვლავ გაიმართება სხდომები.
ტრამპის ადმინისტრაციამ და მასკმა – რომელიც ხელმძღვანელობს ბიუჯეტის შეკვეცაზე მომუშავე ეფექტიანობის დეპარტამენტს – USAID-ი ამ დროისთვის თავიანთ ყველაზე მსხვილ სამიზნედ გადააქციეს, ფედერალური მთავრობისთვის და მისი ბევრი პროგრამისთვის უპრეცედენტო გამოწვევის შექმნისას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 6 თებერვალს, დომინიკელთა რესპუბლიკაში ვიზიტისას თქვა, რომ მთავრობა სააგენტოს თანამშრომლებს დაეხმარება 30 დღის განმავლობაში დაბრუნდენ შინ, “თუკი ისინი ამას მოისურვებენ”.
რუბიოს თქმით, აშშ-ის ხელისუფლება გააგრძელებს საერთაშორისო დახმარების გაცემას, “მაგრამ ეს იქნება დახმარება, რომელსაც აზრი აქვს და რომელიც თანხვედრაშია ჩვენს ეროვნულ ინტერესთან”.
USAID-ი, აშშ-შ 1961 წელს შექმნილი საგარეო დახმარების დამოუკიდებელი სააგენტო, 120-მდე სახელმწიფოში მონაწილეობს ჰუმანიტარულ, განვითარებასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ პროგრამებში. კონგრესში მოქმედი ორპარტიული კვლევის სამსახურის თანახმად, სააგენტო “დახმარებას უწევს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებს და კონფლიქტით მოცულ ქვეყნებს; ხელმძღვანელობს აშშ-ის ძალისხმევას სიღარიბესთან, დაავადებებთან ბრძოლაში და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში; და ეხმარება აშშ-ის კომერციულ ინტერესებს, განვითარების პროცესში მყოფი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერით”.
ფორუმი