„მოსამართლემ დაარღვია კონსტიტუციური პრინციპი“ — იუსტიციის საბჭოს წევრის შესარჩევი კომისია

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის“ განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლომ საბჭოში პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატის დანიშვნის შესახებ განკარგულების შეჩერებით კონსტიტუცია უხეშად დაარღვია.
როგორც კომისია საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, მათ მუშაობა დაასრულეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს წარუდგინა რეკომენდაციები კონკრეტული კანდიდატების თაობაზე თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენი, როგორც კომისიის ყოფილი წევრების მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდინარე წლის 22 ივლისის განჩინებასთან დაკავშირებით.
კომისიის წევრების განცხადებით, მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დააკმაყოფილა და პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება შეაჩერა სამართალწარმოების დასრულებამდე, აგრეთვე, 5 თვის ვადით აუკრძალა პრეზიდენტს ახალი კონკურსის, ან ნებისმიერი ფორმით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვა წევრის დანიშვნა.
კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა კონსტიტუციის 52-ე მუხლით გარანტირებულ საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი.
„აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ აგრეთვე უგულებელყო ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მე-3 მუხლი) დანაწესი, რომელიც არ ავრცელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედებას საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობაზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ემსახურება კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესებს და ამ გზით, სასამართლო ცდილობს, უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, რომ ამ გზით, სასამართლომ ფაქტობრივად თვითნებურად აღიჭურვა თავი, გააკონტროლოს – ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და ვინ – არა,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
კომისიაში აღნიშნავენ, რომ ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლემ იმავე განჩინებით, საქმის განსახილველად განსაზღვრული ზოგადი 2 თვიანი ვადა 5 თვემდე გაახანგრძლივა, რაც მათი თქმით, კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტს და აჩენს პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს პარალიზების რისკებს:
„აღნიშნული გადაწყვეტილება სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს და მის ეფექტიანობას, არამედ კიდევ უფრო ზიანდება და მცირდება მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა,“ — აცხადებენ კომისიის წევრები.
გუშინ, 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, შეაჩერა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება კახა წიქარიშვილის იუსტიციის საბჭოში დანიშვნის შესახებ.
როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს სასამართლოში კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, მანუჩარ კაკოჩაშვილმა უჩივლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის დანიშვნის დავალება.
„ამავე სარჩელით, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა სამართალწარმოების დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინებით, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნის აკრძალვა (მოსარჩელის გარდა)“ ,— აცხადებენ სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, კაკოჩაშვილის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.
კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება:
„ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა“ ,— აცხადებენ სასამართლოში.
კონკურსში მონაწილეობას ასევე იღებდნენ მანუჩარ კაკოჩაშვილი, თამარ ალფაიძე და დიმიტრი გაბუნია.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)