„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
საუბარია „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე.
დღეს, 19 მაისს, გამართულ სასამართლო სხდომაზე ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები მისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ. თუმცა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის და კომისიის წევრების დაკითხვასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საქმეზე ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ჯაფარიძემ გირაოს თანხა კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
ანალოგიურ საქმეზე დღესვე იმართება „ლელო – ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სასამართლოც.
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
კომისიაზე დაბარების მიუხედავად არაერთი ადამიანი არ მივიდა, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ა.შ.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით, ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ყველას ფულადი გირაო შეუფარდეს.
14 მაისს დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც ის სასამართლოში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის გირაო არ აქვთ გადახდილი ოპოზიციის ლიდერების ნაწილს, მათ შორის: ზურაბ ჯაფარიძეს, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას. როგორც ისინი ამბობენ, კომპრომისზე წასვლასა და გირაოს გადახდას არ აპირებენ.
