მოსალოდნელი უამინდობის გამო დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შენობაში, კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართება

მოსალოდნელი სარეკორდო ცივი ამინდის გამო არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს ვაშინგტონში არა კაპიტოლიუმის შენობის გარეთ, არამედ შიგნით გაიმართება. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის მიერ გავრცელებული ცნობა მოგვიანებით სოციალურ ქსელში თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.
“ამიტომ მე გავეცი განკარგულება, რათა საინაუგურაციო სიტყვა, სხვა ლოცვისა და სიტყვების კვალდაკვალ, წარმოვთქვა აშშ-ის კაპიტოლიუმის როტონდაში, რომელიც 1985 წელს რონალდ რეიგანმა გამოიყენა ასევე ძალიან ცივი ამინდის გამო. სხვადასხვა მაღალი რანგის პირსა და სტუმრებს კაპიტოლიუმში მიიყვანენ. ეს იქნება ძალიან სასიამოვნო სანახაობა ყველასთვის, განსაკუთრებით ტელეაუდიტორიისთვის”, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს ორშაბათს, 20 იანვარს, ვაშინგტონის დროით შუადღისას დადებს. მეტეოროლოგების თქმით, ამ დღეს ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს.
“ამინდის პროგნოზის თანახმად, ვაშინგტონში ტემპერატურამ, ქარის ცივი ინდექსის გათვალისწინებით, შესაძლოა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწიოს. არ მინდა, რომ ვინმემ რაიმე სახით დაშავდეს ან დაზიანდეს”, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ინაუგურაციაზე, გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, მიწვეულნი არიან არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, – რომელიც დაესწრება ღონისძიებას;
· მიწვეულია იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. მისი ადმინისტრაციის თქმით, თუკი პრემიერის დღის წესრიგი საშუალებას მისცემს, იგი დაესწრება ინაუგურაციას;
· მიწვეულია სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე; ასევე, ეკვადორის პრეზიდენტი დანიელ ნობოა, თუმცა დადასტურებული არ აქვთ, რომ დაესწრებიან.
· ინაუგურაციაზე ასევე იქნებიან: პოლონეთის ყოფილი პრემიერი მატეუშ მორავიეცკი, ბრიტანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჟი.
· ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, – ის ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. სალომე ზურაბიშვილი 17 იანვარს ჩავიდა ვაშინგტონში.
· „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად არავის მიუწვევია, – ეს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში 9 იანვარს დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას.
ფორუმი