მოსალოდნელია თუ არა შაქრის გაძვირება – ოთარ შამუგიას განმარტება

მოსალოდნელია თუ არა შაქრის გაძვირება – ოთარ შამუგიას განმარტება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების მთავარი მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა. ოთარ შამუგიას თქმით, შაქარზე იმპორტის გადასახადის ამოქმედების შემდეგ, არანაირი წინაპირობა არ არის იმის, რომ შაქარზე ფასი გაიზარდოს.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ საკითხზე მუშაობდა ეკონომიკის სამინისტრო, თუმცა ჩვენ საქმის კურსში ვართ. ამ გადაწყვეტილების მთავარი წინაპირობა ბაზარზე შესაბამისი კონკურენტული გარემოს შექმნა იყო. პირველ რიგში, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, რომელსაც 500-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. დღეს შეიქმნა ბაზარზე ისეთი სიტუაცია, რომ იმპორტი ხორციელდება იმდენად დაბალ ფასში, ეს საწარმო გაჩერების პირას დადგა. აქედან გამომდინარე, კონკურენტული პირობების შესაქმნელად ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამისი სამუშაოები განახორციელა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი მექანიზმი შემოგვეღო. იცით, რომ იგივე მექანიზმი შემოვიღეთ ფქვილზე და იყო სხვა საკითხები. არანაირი წინაპირობა არ არის იმის, რომ შაქარზე ფასი გაიზარდოს. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი პირობა იყო, შაქრის ბაზარზე სტაბილურობა შენარჩუნებულიყო“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.