მოსალოდნელია თუ არა ეკვადორიდან ყვავილების ექსპორტის შეფერხება – რას აცხადებენ ბიზნეს ოპერატორები საქართველოში

ყვავილების ბიზნესი საქართველოში ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული, მათ შორის, მნიშვნელოვანი წილი, დაახლოებით 25% ეკვადორს უკავია. იქ მიმდინარე ფართომასშტაბიანი არეულობიდან გამომდინარე „კომერსანტი“ დაინტერესდა, ხომ არ შეიძლება შეფერხდეს ყვავილების მოწოდება და აქვთ თუ არა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ადგილობრივ ბიზნეს ოპერატორებს.
კომენტარისთვის ცოცხალი ყვავილების რამდენიმე ყველაზე დიდ რეალიზატორს დავუკავშირდით, მათ შორის Mao Flowers-ს, Lovely Roses-ს და Flower.ge-ს.
ჩვენთან საუბარში ყველა მათგანი ადასტურებს, რომ ეკვადორიდან იმპორტირებული ყვავილები მათი პროდუქციის ნაწილია, თუმცა აცხადებენ, რომ ეკვადორში მიმდინარე მოვლენებზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობენ. ამავდროულად ისინი ვერ საუბრობენ იმაზე, მოსალოდნელია თუ არა ამ ქვეყნიდან ყვავილების იმპორტის შეფერხება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა გართულდეს ეკვადორიდან რუსეთში ბანანის ექსპორტი, თუმცა ამას ეკვადორის მხარე არ ადასტურებს.
ეკვადორში შეიარაღებული დაპირისპირება 10 იანვრიდან დაიწყო. უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესება დაკავშირებულია ერთმანეთთან დაპირისპირებულ სხვადასხვა ბანდებთან, რომლებიც ნარკოტიკებით სავაჭრო გზების კონტროლს ცდილობენ.