საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
საინტერესოდ თუმცა მოსალოდნელად ვითარდება პროცესები რუსეთ-უკრაინის ომში:
– ტრამპმა რუსეთის დანაკარგის ახალი რიცხვი დაასახელა – მილიონი ადამიანი. ტრამპს დანამდვილებით უყვარს ხოლმე დიდი რიცხვების დასახელება, მაგრამ არც ისაა დასავიწყებელი, რომ აშშ-ს ყველა პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ყოველდღიურად იღებს უშიშროების მხრიდან მოკლე მიმოხილვას, რომელსაც President’s Daily Brief (PDB) ეწოდება. სავარაუდოა, რომ სწორედ მასზე დაყრდნობით საუბრობს ტრამპი ასეთ რიცხვზე. მილიონი ადამიანის დაკარგვა – მოკლული, ტყვე, დაშავებული, დეზერტირი – ძალიან დიდია და ნებისმიერ სახელმწიფოსათვის დემორალიზაციის გამომწვევია. იმ ფონზე რომ ეს ომი გამოფიტვაზეა გადასული და ჯერ კიდევ ომის მეორე კვირაში ითქვა, რომ სამხედრო ძალების მასირებული განადგურების გარეშე ომი არ დამთავრდებოდა, ამ რაოდენობის დანაკარგი უმნიშვნელო ვერც პოლიტიკურად ვერ იქნება.
ზოგადი დათქმა ისეთია, რომ უკრაინას სამჯერ ნაკლები აქვს დანაკარგი – სირსკიმ ამაზე ერთი წლის წინაც გააკეთა განცხადება. ისიც ნათელია რომ მიახლოებით თანაბარი ძალების სახელმწიფოთა შორის ომისას, თავდაცვაში მდგომ სახელმწიფოს, როგორც წესი, სამჯერ ნაკლები აქვს ხოლმე დანაკარგი.
– რუსები იმ სამხედროებს, რომლებიც უეჭველ სასიკვდილო დავალებაზე არ მიდიან – თავად კლავენ, სიკვდილამდე კი აწამებენ, ვიდეოებზე იღებენ და თავიანთ სამხედროებს აჩვენებენ. უკიდურესად დემორალიზებული რუსი სამხედროები ხშირად ტყვეობას ამჯობინებენ ხოლმე. თუმცა ტყვეობიდან გაცვლილ რუს სამხედროებს დაახლოებით ორი კვირა კითხვენ და შემდეგ ფრონტზე აბრუნებენ ხოლმე ხელახალი სასიკვდილო დავალების შესასრულებლად. აი ამ მანკიერი წრითა და ე.წ. ხორცსაკეპში შტურმით ცდილობს რუსეთი ფრონტის ხაზის გარღვევას.
– უკრაინელები მეთოდურ კონტრშეტევაზე არიან გადასული სუმის ოლქში. მიუხედავად აქტიური დაწოლისა, რუსებმა ვერც დაკავებული ტერიტორიის ფორტიფიცირება შეძლეს და ვერც შეტევის გაგრძელება. სამხედრო სფეროში არსებობს ტერმინი სიკვდილის ზონა (kill zone), რომელში შესვლისას მოწინააღმდეგის მაქსიმალურად დიდი ძალა უნდა განადგურდეს. ასეთი ზონები მეტწილად წინასწარაა ხოლმე მომზადებული ფორტიფიკაციებით, სანგრებითა და ჩასაფრებებით, ან სპონტანურად ვითარდება საბრძოლო მოქმედებებისას. სუმის ოლქში ასეთი, ოღონდ წინასწარ მოუმზადებელი ზონა აღმოჩნდა დასახლება იუნაკივკა და მისი შემოგარენია, რომლისათვისაც ბრძოლაში რუსეთმა ათასობით სამხედრო დაკარგა, ხოლო სოფლები ანდრიივკა და კინტრატივკა უკრაინელებმა ბრძოლით დაიბრუნეს. და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც იუნაკივკას ძალიან კარგად გამაგრებული არც კი ჰქონიათ უკრაინელებს – ტანკსაწინააღმდეგო “დრაკონის კმბილები” და თხრილები გამართული ლიმიტირებულად იყო მხოლოდ. ყველაფერს ემატება ისიც, რომ რუსეთის მხრიდან უშუალოდ საბრძოლო მოქმედებები პოლიტიკური განწყობებით დგება. პუტინმა როდესაც სუმის ოლქზე აქტიურად დაიწყო საუბარი ეს უკვე იმის მანიშნებელი იყო, რომ ის ძალიან დიდ მსხვერპლს გაიღებდა შეტევის წარმოებისათვის. მსგავსი პოლიტიკური ნება ახლაც არსად გამქრალა, რის გამოც ფრონტის ამ ხაზზე აქტიური ბრძოლები გრძელდება. – რუსულმა მხარემ მასირებული იერიში წამოიწყო ლუგანსკის ოლქიდან დონეცკის ოლქის მიმართულებით, ძალიან კარგად გამაგრებული ქალაქი სივერსკის სექტორზე. უკრაინელებმა რუსული არმიის მიმართულებით იმაზე სწრაფად მოახდინეს რეაგირება, ვიდრე რუსები ელოდნენ, რის გამოც შეტევის ადრეულ ეტაპზევე რუსეთმა დიდი დანაკარგები მიიღო. მიუხედავად ამისა რუსეთი აგრძელებს შეტევას. მათი მიზანი მდინარე ჩრდილოეთის დონეცის გაყოლებით ქალაქ სლავიანსკამდე მიღწევაა.
სივერსკის სექტორი ამ ომის განმავლოში არაერთხელ გააქტიურდა და არაერხელ გამხდარა დიდი მსხვერპლის მომტანი. 2022 წლის ივლისის შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ სევერდონეცკი და ლისიჩანსკი დაიკავა, სირკის თავდაცვითი ხაზი ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონედ იქცა უკრაინელებისათვის. რუსების ყველა მცდელობა გაერღვიათ უკრაინული პოზიციები დიდი დანაკარგებითა და უკუქცევით დასრულდა.
– რუსები თავიანთი ცოცხალი ძალის შევსებას ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გარდა ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან ცდილობს, სადაც არაერთი პრორუსული სამხედრო რეჟიმია წარმოდგენილი. არის სხვაგვარი შემთხვევებიც: ვითომ დასავლეთს გამოქცეული, რუსული პროპაგანდით ტვინგამორეცხილი ტიპები რომ ეწერებიან რუსულ არმიაში და საბოლოოდ მალევე ხვდებიან ფრონტის ხაზზე და იქ აღმოაჩენენ ხოლმე რუსულ რეალობას. შემდეგ კი ან კვდებიან, ან ტყვედ ვარდებიან ან დეზერტირებად ხდებიან. ზოგადად, რუსეთის არმიაში დაბალმოტივირებული ცოცხალი ძალა ხვდება, რის გამოცაა, რომ რაოდენობირივი უპირატესობის მიუხედავად ცუდ შედეგს დებენ ისინი ფრონტის ხაზზე.
აი უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელი ლეგიონერები კი სრულიად სხვა უნარებითა და მოტივაციით გამოირჩევიან. პოლონელებთან, ბელარუსებთან და ქართველებთან ერთად გამორჩეულად დიდი რაოდენობით კოლუმბიელები იმყოფებიან უკრაინაში. საუბარია დაახლოებით 2000 კარგად მომზადებულ სამხედროზე. მათი რაოდენობის ზრდის შემთხვევაში რუსეთის შეტევების ეფექტურობა კიდევ უფრო შემცირდება. კოლუმბიელ პარამილიტარულ ძალებს კოლუმბიის მთებსა და ტყეებში იმდენი აქვთ 1960-ნი წლებიდან ნაბრძოლი, რომ კოლუმბიის საბრძოლო ტრადიციები ხელწამოსაკრავი არ არის.
– ამ ომში განსაკუთრებით გაიზარდა დრონებისაგან განადგურებული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის რაოდენობა. არტილერია კვლავ რჩება ომის მეფედ და მისგან ყველაზე დიდია დანაკარგი, მაგრამ დრონების მასირებული გამოყენება ტექნიკისა და ცოცხალი ძალის წინააღმდეგ იმ მასშტაბს მიაღწია, ზოგიერთ სექტორზე ტყვიებით მოკლულებს რამდენჯერმეც კი გადაასწრო. უკრაინელი დიდი არმიებიც კი რთულად გაუძლებენ მას. უკრაინის უპილოტო სისტემების ხელმძღვანელი რობერტ ბროვდი (მადიარი) აცხადებს, რომ დრონების გამოყენება იმ მასშტაბებით ხდება, რომ დიდი არმიებიც კი რთულად გაუძლებენ მასირებულ იერიშს და რომ სრულაიდ ახალი ტიპის ომში შედის მსოფლიო. – ბელარუსულმა დრონმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ეს პირველი შემთხვევა არაა როდესაც რუსულ-ბელარუსულმა საჰაერო აპარატებმა, ფრთოსანმა რაკეტებმა ან ავიაციამ ნატოსა და ევროკავშირის საჰაერო სივრცე დაარღვია. აქამდე ასეთი შემთხვევები იყო რუმინეთშიც და პოლონეთშიც. ზოგადად, ასეთი რამ დაუგეგმავად არ ხდება ხოლმე. ეს სვლა მინიმუმ სამ საკითხს ემსახურება: 1. პერიოდულად იტესტება როგორი იქნება დასავლეთის პასუხი; 2. ხდება დასავლეთის ქვეყნების დაშინება; 3. ხდება დასავლურ ქვეყნებზე მუქარა. – ჰაკერული თავდასხმები განხორციელდა რუსეთი აეროფლოტის წინააღმდეგ, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ფრენა გადაიდო ან ჩაიშალა. წინა დღეებში ფრენების ჩაშლის მიზეზი უკრაინელთა დრონების გამოჩენა იყო პეტერბურგის სიახლოვეს. ეს ყველაფერი კი სერიოზულ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ დემორალიზაციას იწვევს რუსეთში. ომი და სიკვდილი თუკი რუსეთში დიდად არ აინტერესებთ, საკუთარ თავზე განცდილი პრობლემა ნამდვილად აწუხებთ ხოლმე. ამასთან, როგორც არაერთხელ აღვნიშნე ეს ომი უკვე გადასულია გამოფიტვის ომში. უკრაინელების წინააღმდეგ რაც შეეძლო ყველა საშუალებას იყენებს რუსეთი, აი თავის თავში ზედმეტად დარწმუნებული რუსეთი კი პერიოდულ შოკებს განიცდის. ცნობილი ომის ფილოსოფოსები წერენ, რომ ომის ბედი ფრონტის ხაზზე კი არა ადამიანების ტვინში წყდება – როდესაც გიქრება ბრძოლოს გაგრძელების სურვილი, მარცხდები კიდეც.
