„მოსავალი უმეტესი კულტურის შემთხვევაში ნორმალური იყო“ – როგორი იყო 2025 წელი ფერმერებისთვის

2025 წელი ქართველი ფერმერებისთვის საქმიანობების მიხედვით არაერთგვაროვანი იყო. წელს მთავარი გამოწვევა კლიმატური პირობები, საგაზაფხულო ყინვები და სეტყვა იყო. ფერმერების ნაწილმა წელს მოსავალიც კი დაკარგა, ნაწილისთვის კი მოსავლიანობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი იყო.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს ფერმერებმა კულტურების დიდი ნაწილის შემთხვევაში „ნორმალური“ მოცულობის მოსავალი მიიღეს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ქართული სოფლის მეურნეობა არის მრავალფეროვანი, მიმდინარე წლის შეფასება დარგების მიხედვით შესაძლოა, სხვადასხვაგვარი იყოს. ასე მაგალითად, მიმდინარე წელს შიდა ქართლში მეხილეობაში გვქონდა ყინვები, სეტყვა და კლიმატურმა გამოწვევებმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ზოგი რეგიონი მეტად დაზარალდა, ზოგი ნაკლებად. განზოგადება ძალიან რთულია, იქამდე, სანამ სტატისტიკური მონაცემები არ გამოქვეყნდება. მოსავალი უმეტესი კულტურების შემთხვევაში ნორმალური იყო – ვგულისხმობ მემცენარეობის დარგებს“, – განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.
ამასთანავე, მანვე შეაჯამა მევენახეობის დარგში არსებული გამოწვევებიც და აღნიშნა, რომ წელს ძირითადი პრობლემა კლიმატური პირობები იყო, რის გამოც ყურძენს შაქრიანობის დაგროვება გაუჭირდა.
„მევენახეობის კუთხით წელს ძალიან გაუჭირდა შაქრის დაგროვება ყურძენს, რაც გამოწვეული იყო ამინდით. საკმაოდ გვიან იყო რთველი, ოქტომბერშიც აქტიური რთველის პროცესი იყო. იმ კონდიციას, რასაც უნდა აღწევდეს ყურძენი, ბევრმა ვერ მიაღწია, რადგან შაქარი გარემო პირობებიდან გამომდინარე ვერ დაიგროვა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხრიდან საუბარია იმაზე, რომ ეს გამოწვეულია იმით, რომ არასწორ ადგილებში გაშენდა ვაზი. კლიმატური ცვლილებები საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ფერმერებზე, მოსავალსა და მოსავლის ხარისხზე. წელს საშუალო წელი იყო.
ძალიან რთულია წინასწარ განსაზღვრო, როგორი იქნება 2026 წელი, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ფერმერული მეურნეობა გარე პირობებშია მოწყობილი, სათბურებსა და დაცულ ადგილებში ნაკლებად ხდება მოსავლის მოყვანა. არის რიგი ფერმერები, რომლებიც სასათბურე მეურნეობებს ავითარებენ და შედარებით დაცულია მოსავალი, თუმცა ძირითადად, მაინც გარემო პირობებზეა დამოკიდებული ფერმერი. ამიტომ რთულია ვთქვათ, რა იქნება მომავალ წელს“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას რატი კოჭლამაზაშვილმა.