რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. კიევის ოლქში დანგრეულია სახლები. სუმის ოლქში დაზიანებულია საავადმყოფოები.
დრონებით თავდასხმის გამო გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან, თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.
კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ბუჩის რაიონში დაიჭრა 60 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამავე რაიონში დანგრეულია 9 კერძო სახლი. კალაშნიკის ცნობით, სახლი დაზიანდა კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონშიც.
უკრაინის სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღამის პირველი საათისთვის რუსული დრონი დაეცა კრასნოპოლსკის საავადმყოფოს შენობის სახურავს. მსხვერპლი არ არის. სამედიცინო დაწესებულებიდან ევაკუაცია განხორციელდა.
რამდენიმე საათით ადრე, რუსული დრონი დაეცა ქალაქ სუმის საოლქო კლინიკური საავადმყოფოს სახურავსაც.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გვიან ღამით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთმა ისევ შეუტია სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რაც ადასტურებს, რომ მასზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. ზელენსკის განცხადებით, პუტინმა ფაქტობრივად, უარყო ცეცხლის სრულად შეწყვეტის წინადადება, ამიტომ სწორი იქნება, თუ პასუხად მსოფლიო უარყოფს პუტინის ნებისმიერ მცდელობებს, გაახანგრძლივოს ომი.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, აუცილებელია გაგრძელდეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები, უკრაინის დახმარება და მუშაობა უსაფრთხოების გარანტიებზე. ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების რეალურად შეწყვეტა იქნება იმის დასტური, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს.
18 მარტს, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მხარეთა შეთანხმებით, სამშვიდობო ძალისხმევა დაიწყება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტით და გაიმართება ტექნიკური მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე შავ ზღვაში, ასევე, ცეცხლის სრულად შეწყვეტასა და სრულ მშვიდობაზე.
პრეზიდენტების, ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბრამდე ერთი კვირით ადრე, 11 მარტს საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-უკრაინის მოლაპარაკება, რომლის შედეგად კიევი დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ. რუსეთს ამ წინადადებაზე თანხმობა არ უთქვამს.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
· უკრაინა აცხადებს, რომ თავის ტერიტორიებზე უარს არ იტყვის და მოითხოვს უსაფრთხოების მყარ, საერთაშორისო გარანტიებს.
ფორუმი
