“მონტესორი უნივერსის” თანადამფუძნებლის ნიკა გამყრელიძის თქმით, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში მონტესორის ბაღის რამდენიმე ფილიალის გახსნას გეგმავენ.
ოფიციალური მონტესორის ბაღის პირველი ფილიალი სექტემბრიდან თბილისში, კერძოდ ლისზე იხსნება. ის 180 აღსაზრდელის მიღებას შეძლებს და 22 სამუშაო ადგილს შექმნის. ბაღი 1 500 კვ.მ.-ზეა გაშლილი, რაც ღია სივრცეებსაც მოიცავს. ბაღი ფრენჩაიზით იხსნება და სრულად აღჭურვილია ეკოლოგიურად სუფთა ხის მონტესორის ავეჯითა და სათამაშოებით. მასწავლებლები კი ამერიკული მხარის მიერ გადამზადდებიან.
ნიკა გამყრელიძის თქმით, დამატებითი ფილიალები მომდევნო წლების განმავლობაში თბილისის დიდ უბნებსა და სხვა ქალაქებშიც გაიხსნება, ხოლო შემდგომ ეტაპზე გათვალისწინებულია რეგიონის სხვა ქვეყნებში გასვლაც.
“ჩვენი სტრატეგიის ფარგლებში, დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, რომ თბილისის ყველა დიდი უბანი მოვიცვათ. პირველი ბაღი იქნება ლისზე, რომელიც 180 ბავშვზე იქნება გათვლილი, ამას გარდა ვფიქრობთ, 5-6 დამატებითი ფილიალის გახსნას თბილისსა და დიდ ქალაქებშიც. ჩვენს ფრენჩაიზ პარტნიორებისგან უფლებაც გვაქვს, რომ შემდგომ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გავფართოვდეთ”, – განაცხადა ნიკა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, გამყრელიძის თქმით, პირველ ეტაპზე 4,5 მლნ ლარის ინვესტიცია გახდა საჭირო, შემდგომში კი, ინვესტიციის რაოდენობა ინფრასტრუქტურაზე იქნება დამოკიდებული.
