მომხმარებლები ცდილობენ თანხა, რომელიც გათბობასა და გაგრილებაზე უნდა დაეხარჯათ, „შავი დღისთვის“ შეინახონ – კომპანია „ცელსიუსი“

გათბობისა და გაგრილების კომპანია „ცელსიუსის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო ახალაიამ „კომერსანტის“ შემაჯამებელ ეთერში თქვა, რომ კომპანიისთვის გასული წელი, მიუხედავად სირთულეებისა, მაინც წარმატებული იყო.
„ცელსიუსმა“ რამდენიმე ევროპულ და საერთაშორისო ბრენდთან გააფორმა კონტრაქტი, რაც მნიშვნელოვანია როგორც მათი კეთილდღეობისთვის, ასევე ზოგადად, სექტორის განვითარებისთვის. თუმცა, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ფონი, რომელიც ბიზნესზეც აისახა, მეტი წარმატების საშუალებას ზღუდავს.
„ჩვენი კომპანია თითქმის 5 წლისაა და ვიტყოდი, რომ გასული წელი ნორმალური იყო, წინ წავედით წინა წლებთან შედარებით. რამდენიმე ადამიანი კიდევ დავასაქმეთ, ასე რომ, ეს წელი კარგად შემიძლია შევაფასო.
დავიმატეთ სხვადასხვა ბრენდები, რომლებთანაც წინა წლებში არ გვითანამშრომლია, ევროპული და არა მხოლოდ ევროპული, თურქული და ასევე ჩინური ბრენდებიც. ვერ შევაფასებ სხვა, კონკურენტი კომპანიების მიდგომას, ყველას თავისი სამუშაო გზა აქვს, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ კვლევებით, რასაც მარკეტერები პერიოდულად ვატარებთ, მოწინავე ადგილს ვიკავებთ ჩვენს კონკურენტებს შორის, ზოგადად, კონკურენტულ გარემოს მივესალმები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებლებისგან დადებით უკუკავშირს ყოველდღიურად ვიღებთ. ვცდილობთ, ბაზარზე ფასები ისე დავარეგულიროთ, რომ მომხმარებელს ჩვენი პროდუქციის შეძენა არ გაუჭირდეს, თუმცა, რა სიტუაციაც არის, ძალიან პულსზე გვიჭირავს ხელი, რომ მომხმარებლები არ გავაწბილოთ და ენერგოეფექტური პროდუქცია შემოვიტანოთ. გათბობის სისტემა ფუფუნების საგანია არ არის, ეს აუცილებლობაა და თანაც არც თუ ისე დაბალბიუჯეტს ეხება საქმე, როცა გათბობის სისტემის შეძენა უნდა მომხმარებელს. ჩვენ ყველა სერტიფიკატს და მოთხოვნას, რომელიც ევროპულ სტანდარტებს განსაზღვრავს ვიცავთ და ვცდილობთ, მათ მოთხოვნებს მოვერგოთ“,- ამბობს სოფო ახალაია.
ახალაიას განმარტებით, ბიზნესისთვის, კრიტიკულად აუცილებელია სწორი მარკეტინგი, რაც სწორ დაგეგმვაზეა დამოკიდებული. ქვეყანაში არსებული ფონი ბიზნესს სწორედ სამომავლო სტრატეგიის შემუშავებაში უშლის ხელს. ასევე, ლარის მერყეობის გამო, სექტორს უჭირს მარჟა ისე გაზარდოს, რომ ეს მომხმარებლებზე საგრძნობლად არ აისახოს.
„ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია აუცილებლად აისახება ყველა ბიზნესზე. ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ბიზნესი ვართ, რა თქმა უნდა, ლარის კურსის მერყეობა ჩვენზე მოქმედებს. კომპანიები იზღვევენ თავს და ისეთ მარჟას იღებენ, რომ არც კომპანია დაზიანდეს და არც მომხმარებლებზე აისახოს დიდად ეს ფასის ცვლილება. ჩვენ ხშირად გვაქვს აქციები, რათა მომხმარებლებმა შეძლონ პროდუქციის შეძენა.
ის, რაც ახალა ქვეყანაში ხდება, პირდაპირ ისახება ჩვენს ბიზნესზე. მომხმარებლები მაქსიმალურად ცდილობენ თანხა, რომელიც გათბობისა და გაგრილების სისტემაზე უნდა დახარჯონ, დაზოგონ და „შავი დღისთვის“ შეინახონ. ასე იქცევიან,თუ მათი შეძენა გადაუდებელი აუცილებლობა არ არის. არავინ ვიცით, ხვალ რა იქნება. ყველა, მათ შორის მეც, ქუჩაში ვართ და ვცდილობთ ის უსამართლობა გავაპროტესტო, რაც ქვეყანაშია. ზოგადად, წარმატებული კომპანიები მომდევნო წელს გეგმავენ კარგა ხნით ადრე და არა წინა თვეებში ან დეკემბრის თვეში. ეს ყოველთვის ასე ხდებოდა. ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ნებისმიერი სტრატეგია, რაც არ უნდა დაწერო, უაზროა. პირადად მე, არავითარი სტრატეგია არ მაქვს დაგეგმილი. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ბიზნესიც უფრო უკან წავა. სწორედ ამიტომაა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები ხმას იღებენ“,- აღნიშნა გათბობისა და გაგრილების კომპანია „ცელსიუსის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო ახალაია.